ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის რამდენიმე სოფლის მოსახლეობა მალარიის გადამტანი კოღოს საწინააღმდეგო ხსნარით გარემოს დამუშავებას ითხოვს
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის სოფლების ჰერეთისკარის, ჭიაურისა და თამარიანის მოსახლეობა მალარიის გადამტანი კოღო ანოფელესის გამრავლების შესახებ საუბრობს. მოსახლეობა კოღოების საწინააღმდეგო ხსნარით გარემოს დამუშავების დაჩქარებას ითხოვს.
ადგილობრივები ამბობენ, რომ შხამიანი მწერი ისეა გამრავლებული, რომ მიწის ნაკვეთებში სამუშაოდ გასვლა შეუძლებელია.
„ჩვენ სოფლებში ღელეებია და გრუნტის წყლებიც, ტენიანობა მაღალია, დაჭაობებული ადგილებიც ახლოა, აქედან გამომდინარე, იმდენი კოღოა, თვალებში გვივარდებიან, განსაკუთრებით საღამოს საათებში აქტიურდებიან. კიდევ კარგი, ამ ეტაპზე ავად გახდომის შემთხვევა არ ყოფილა, მაგრამ წესით მაისში უნდა შეწამლულიყო ხსნარით აქაურობა და ივნისი დაიწყო, ჯერაც არავინ ჩანს“,- განუცხადა საქართველოს პირველ არხს ჭიაურის მკვიდრმა, თეონა კახნიაშვილმა
ლაგოდეხის მუნიციპალიტეტის მერის, ჯონდო მდივნიშვილის განცხადებით, აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მერიამ სოფლის მეურნეობის სამინისტროს წერილობით უკვე მიმართა.
„ჭიაურის თემის სოფლებში მალარიის საწინააღმდეგო ორთქლით დამუშავება წელიწადში ორჯერ ხდება, მეორედ აგვისტოში უწევს. შექმნილი სიტუაციის გათვალისწინებით და მალარიის გავრცელების საშიშროების მაღალი რისკიდან გამომდინარე, უკვე მივმართეთ სოფლის მეურნეობის სამინისტროს, რათა დაჩქარებულად მოხდეს ტერიტორიის დამუშავება კოღო ანოფელესზე“,- განაცხადა ჯონდო მდივნიშვილმა.