ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია - სკოლას, რომლის მოსწავლეც დაიღუპა, ექსკურსიის დაგეგმვამდე კონსულტაციისთვის არ მოუმართავს
ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი სულამანიძე ამბობს, რომ სკოლას, რომლის მოსწავლეც უბედურ შემთხვევას ემსხვერპლა, ექსკურსიის დაგეგმვამდე მათთვის კონსულტაციისთვის არ მიუმართავს.
თუმცა, როგორც სულამანიძე აცხადებს, მიუხედავად ამისა, ჯგუფს რეინჯერის მიერ მიეთითა, რომ არ იყო ბილიკზე გადაადგილებისთვის სათანადო პირობები, თუმცა მათ რჩევა არ გაითვალისწინეს.
„ექსკურსიის დაგეგმვის წინ, მათ არ ჰქონიათ ჩვენთან კომუნიკაცია. როდესაც ბილიკზე დაიწყეს ექსკურსია, მათ რეინჯერმა სთხოვა, არ გაეგრძელებინათ გადაადგილება და სხვა მარშრუტი აერჩიათ, რადგან გზა არ იყო სათანადო მდგომარეობაში, მაგრამ მათ უთხრეს, რომ იყვნენ გამოცდილები, თან ახლდათ მასწავლებლები, ექიმიც და ამიტომ, თუ საჭიროდ ჩათვლიდნენ, მობრუნდებოდნენ“,- აცხადებს საქართველოს პირველ არხთან საუბრისას ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის ხელმძღვანელი.
სულამანიძის თქმით, ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტარციას აქვს ინფორმაციის ძალიან მაღალი ხელმისაწვდომობა და მზად არიან, რეკომენდაციები გაუწიონ ვიზიტორებს.
„მზად ვართ, გავუწიოთ რეკომენდაციები, ჩაცმა იქნება თუ სხვადასხვა გამოცდილება და დავეხმაროთ ვიზიტორებს. ყველა ხეობას თავისი მიკროკლიმატი გააჩნია და ამ ინფორმაციის ცოდნა მნიშვნელოვანია ტურის მიმდინარეობისას“, – აცხადებს გიორგი სულამანიძე
სულამანიძის თქმით, რეინჯერები ვიზიტორებს ინფორმაციას 24 საათის განმავლობაში აწვდიან.
ამავდროულად, მისივე განცხადებით, რეინჯერები ახორციელებენ ბილიკზე პატრულირებას და ადმინისტრაციას აწვდიან ინფორმაციას არსებული მდგომარეობს შესახებ.
„როგორც კი საშუალება იქნება, ჩვენ კვლავ აღვადგენთ ბილიკს, აღვადგენთ ხიდებს და ეს არის მინიმალური ინფრასტრუქტურა, რადგან მეტი შესაძლებლობა არც არის. როცა წყალი დასტაბილურდება, ამის შესახებ ინფორმაციას ვაწვდით ვიზიტორებს“, – ამბობს ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტარაციის უფროსი.
თბილისის ერთ-ერთი სკოლის მოსწავლეები ლაგოდეხის ნაკრძალში ექსკურსიაზე იმყოფებოდნენ, რა დროსაც ერთ-ერთი მათგანი მდინარეში ჩავარდა და სწრაფმა დინებამ წაიღო.
მოსწავლის ცხედარი დღეს იპოვეს.
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება საქართველოს სსკ-ს 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.