ლაგოდეხი-თელავის დამაკავშირებელ გზაზე XV -XVI საუკუნეების საქარავნო ხიდს მიაკვლიეს
ლაგოდეხი-თელავის დამაკავშირებელ გზაზე, მდინარე არეშთან, XV -XVI საუკუნეების საქარავნო ხიდს მიაკვლიეს. შვიდმეტრიანი თაღოვანი ხიდი ძველი ქართული აგურითაა ნაგები და ის აზიიდან ევროპისკენ მიმავალი ქარავანის მდინარე არაშზე გადასასვლელად გამოიყენებოდა.
ხიდის სიგანე ორი მეტრია, მისი ბურჯები გამაგრებულია მდინარის ქვებისგან აგებული მყარი გალავანით.
არქეოლოგი დავით ყვავაძე მიიჩნევს, რომ საქარავნო ხიდი ეროვნული მნიშვნელობისაა და შესწავლას საჭიროებს.
„ლაგოდეხიდან გრემმდე რამდენიმე ქარვასლა არსებობს, რომელიც ასევე გამოიყენებოდა ქარავანის დასასვენებლად. ხიდი, რომელსაც ახლა მივაკვლიეთ სწორედ საქარავნე გზაზე იგებოდა. ის იმდენად მყარადაა აგებული, რომ ახლაც მოქმედია და ზედ დადგმული ახალი ხიდის ქვეშ წყალი ისტორიული გვირაბის გავლით გადის. ამ აღმოჩენის შესახებ უკვე ვაცნობეთ ძეგლთა დაცვის სამსახურს და მუნიციპალიტეტის მერიას, ველოდებით მათგან პასუხს. პირველ რიგში კი ის უნდა გაიწმინდოს ეკალ-ბარდებისგან“, – განაცხადა დავით ყვავაძემ.