ლადო გუდიაშვილის მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოები ხვალიდან დაიწყება
ლადო გუდიაშვილის მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოები ხვალიდან დაიწყება, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომელმაც დღეს სარეაბილიტაციო არეალი კიდევ ერთხელ დაათვალიერა.
მისი თქმით, სარეაბილიტაციო პროექტის განხორციელებაში პროფესიული წრეების წარმომადგენლები, „ტფილისის ჰამქარი“ და „იკომოსი საქართველო“ (ძეგლებისა და ღირსშესანიშნავი ადგილების საერთაშორისო საბჭოს საქართველოს ეროვნული კომიტეტი) იყო ჩართული.
კახა კალაძემ მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, ვინც გუდიაშვილის მოედნის დაცვაში იყო ჩართული. მისი თქმით, რეაბილიტაცია მხოლოდ აღნიშნული კონკრეტული პროექტით არ დასრულდება.
თბილისის მერიის ინფორმაციით, პროექტის პრეზენტაცია რამდენიმე დღეში გაიმართება.