ლადო ბოჟაძე - წარმოუდგენელია, როცა დამოუკიდებელ სახელმწიფოს გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღების საშუალებას არ აძლევენ
ლადო ბოჟაძე - წარმოუდგენელია, როცა დამოუკიდებელ სახელმწიფოს გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღების საშუალებას არ აძლევენ

ირაკლი კობახიძემ ჩათვალა, რომ საზოგადოებას ეს უნდა სცოდნოდა, როდესაც დამოუკიდებელი, სუვერენული სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრს ერთ-ერთი ევროკომისარი, ფაქტობრივად, პირდაპირ ემუქრება და ეუბნება, არ გაიზიარო ფიცოს ბედიო, – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრმა, ლადო ბოჟაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ განაცხადა.

„საზოგადოებამ ნახა, რა რეაქცია მოჰყვა ამას ოპოზიციიდან. ისინი ცდილობენ, ასეთი საკითხები იუმორში გადაიყვანონ, ფეისბუქზე „დააჰაჰავონ“ და ა.შ. ამას იმიტომ აკეთებენ, რომ საზოგადოებამ რეალობა არ აღიქვას ისე მძაფრად, როგორც არის. წარმოიდგინეთ, სლოვაკეთში, შუაგულ ევროპაში ვინმეს რომ ეთქვა, პრემიერ-მინისტრი არის დაუცველი და ადამიანს ნებისმიერ დროს შეუძლია, ასე მიბჯენით ხუთი ტყვია ესროლოსო, ამას ხომ არავინ დაიჯერებდა? ეს გაფრთხილება რომ ჰქონოდა ფიცოს ან თვითონ გაეკეთებინა ეს განცხადება, მართლა სასაცილოდ არ ეყოფოდა არავის. არ მგონია, ჩვენ სასაცილოდ გვქონდეს საქმე“, – განაცხადა ბოჟაძემ.

მისი თქმით, წარმოუდგენელია, როცა დამოუკიდებელ სახელმწიფოს გამჭვირვალობის შესახებ კანონის მიღების საშუალებას არ აძლევენ.

„წარმოიდგინეთ, რა იმალება ამ პროცესების უკან, რა ტიპის დაფინანსება და რა ზრახვები, რომელიც უკავშირდება სახელმწიფოს, არეულობას, მეორე ფრონტის გახსნას და ა.შ. რომ ამაში ამდენი აქტორი ჩაერთო. კონკრეტული მედიების და კონკრეტული არასამთავრობოების მიერ დეკლარაციის არშევსების გამო დედამიწის ზურგზე არ დარჩა ადამიანი, რომელიც ვითომ კეთილი რჩევით, ვითომ მუქარით, შანტაჟით და ახლა მთლად ფიზიკური ლიკვიდაციით არ დაგველაპარაკა. ადამიანი ხომ უნდა დაფიქრდეს, რა ხდება ამისთანა? ან ჩვენ რატომ ვართ ასეთი პრინციპული ამ კანონთან მიმართებაში, როდესაც პრემიერ-მინისტრს ეუბნებიან, ფიცოს ბედი არ გაიზიაროო? ფიცო ღმერთმა გადაარჩინა და ექიმებმა, თორემ ხუთ ტყვიას რომ გესვრიან, ასე მარტივი არ არის გადარჩენა. რა დგას ამ ყველაფრის უკან? ერთადერთი, ჩვენი ქვეყნის და ხალხის ინტერესები. როგორც ჩანს, დარწმუნდნენ, რომ შანტაჟით არაფერი გამოვა და ახლა ღია მუქარაზე გადავიდნენ“, – განაცხადა ბოჟაძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რატომ არის ამხელა წინააღმდეგობა საქართველოს მიმართ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონთან დაკავშირებით, ლადო ბოჟაძემ განაცხადა, რომ მიზანი, ერთი სიტყვით რომ შეჯამდეს, არის უკრაინიზაცია, მათ შორის, ევრომაიდნის ნაწილშიც.

„თქვენ გახსოვთ, მაშინ ევრომაიდანი მოჰყვა ასოცირების ხელშეკრულების არგაფორმებას და ისიც გახსოვთ, მერე როგორ განვითარდა მოვლენები. იმ წელს ჩვენ, პირიქით, გავაფორმეთ ასოცირების ხელშეკრულება და გავაგრძელეთ გზა ამ მიმართულებით. ამიტომ, უკვე იგულისხმება უკრაინიზაციის ორივე ნაწილი – სისხლიანი რევოლუცია, რადგან სხვაგვარად, „ნაციონალური მოძრაობა“ ხელისუფლებაში ვერ დაბრუნდება. ჩვენ პირდაპირ დაგვისვეს დიაგნოზი, მათ შორის, უკრაინაშიც, ეს ის მთავრობა არ არის, რომელიც ომს დაიწყებსო. როგორი სამწუხაროც არ უნდა იყოს, მშვიდობა არის ის ერთადერთი, რასაც ჩვენ არ გვპატიობენ“, – განაცხადა ბოჟაძემ.

ლადო ბოჟაძემ აშშ-ის სეტანში წარდგენილ ინიციატივასთან დაკავშირებითაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ თუკი ახლა არსებობს სავიზო რეჟიმის შემსუბუქების და პირდაპირი ფრენების დანიშნის რესურსი იმ შემთხვევაში, თუ საქართველო გამჭვირვალობის კანონს არ მიიღებს, ამდენი ათეული წელია, მეგობრები, პარტნიორები გვქვია, ჩვენმა ჯარისკაცებმა მათთან ერთად სისხლი დაღვარეს ავღანეთში, ერაყში, სხვაგან და საინტერესოა, რატომ უნდა დადიოდნენ ჩვენი მოქალაქეები აშშ-ში მექსიკის, მერე კი ამერიკის ციხის გავლით.

მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, რამდენად აქვს მოლოდინი, რომ თუ ეს ყველაფერი რეალისტურია, ამ ყველაფრის გათვალისწინებით, შესაძლოა, საქართველოს ხელისუფლება დათმობაზე წავიდეს, ლადო ბოჟაძემ განაცხადა, რომ ხელისუფლება უკან ვერ დაიხევს.

„იმიტომ, რომ ჩვენ უკან დგას ჩვენი ოჯახები, დგას ეკლესია, ჩვენი ქვეყანა და ჩვენი ხალხის ინტერესები“, – განაცხადა ბოჟაძემ.

მისივე თქმით, კანონთან დაკავშირებით ამხელა ამბავი იმიტომ არის, რომ, როგორც წესი, სამოქალაქო სექტორი და მედია არის ხელისუფლების მართვა-კონტროლის ერთ-ერთი მექანიზმი, ოღონდ გააჩნია, რომელ ხელისუფლებაზეა საუბარი და რომელ რეალობაზე.

„ყველას ძალიან კარგად გვახსოვს, რა მოხდა 2003 წელს. მე თვითონ იქ პროცესების მონაწილე ვიყავი და ჩემ თვალწინ მოიყვანა პრეზიდენტ შევარდნაძესთან რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, იგორ იგოროვმა ერთი ხელით სააკაშვილი, მეორეთი – ჟვანია, გადააბარეს ხელისუფლება და გვახსოვს, როგორი ბედნიერი იყო ყველა, თუმცა მერე მოვისმინეთ სააკაშვილის შეთავაზება პირველივე ინაუგურაციაზე, რომ მას მეგობრული რუსეთი უნდოდა, პირველი ოფიციალური ვიზიტი მოსკოვში იყო და იყო დაახლოებული ურთიერთობები, მერე კი გვახსოვს, უცებ როგორ გაწყდა ყველა ჯაჭვი და, საბოლოო ჯამში, მივიღეთ 2008 წელი, ხოლო 2008 წლიდან ვინ დარჩა მოგებული? – რუსეთი“, – განაცხადა ბოჟაძემ.

ბოჟაძემ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ კანონთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის შეფასებაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ სააკაშვილმა კონსტიტუცია 30-ზე მეტჯერ შეცვალა, ქვეყნის უმაღლეს კანონს თავის ხასიათზე ჭრიდა-კერავდა და ვენეციის კომისიიდან უამრავი დასკვნა ჩამოვიდა, მაგრამ მაშინ კომისიისგან ერთი ზედმეტი პოლიტიკური შეფასება არავის უნახავს.