ლადო ბოჟაძე - ტერმინებზე რომ საუბრობენ და სწყინთ, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი რატომ ვართო, „თბილისი პრაიდი“ ვის ინტერესებს ატარებს, ქართველი ხალხის?
ტერმინებზე რომ საუბრობენ და სწყინთ, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი რატომ ვართო, „თბილისი პრაიდი“ ვის ინტერესებს ატარებს, ჩემსას და თქვენსას, ქართველი ხალხისას? – ამის შესახებ თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრმა, ლადო ბოჟაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„ჩვენს ინტერესებს თუ ატარებს, გამოაქვეყნონ, რა თანხებს ხარჯავენ, ვინ არიან, რისთვის და ამას გადაწყვეტს ქართველი ხალხი. ადამიანები, რომლებიც ყოველდღე ებრძვიან ჩვენს დედაეკლესიას, ლანძღავენ პატრიარქს, ძირს უთხრიან ჩვენს ღირებულებებს, ტრადიციებს და ამ ყველაფერს მოძველებულად აცხადებენ, ქართველი ხალხის ინტერესებს გამტარებელი არიან თუ უცხო ძალების? აქ საუბარი არ არის USAID-სა და ევროკავშირზე. მინდა, ამასაც ყველამ მიაქციოს ყურადღება. ეს ორგანიზაციები არა მხოლოდ არასამთავრობოებს, მათ შორის, სახელმწიფოშიც აფინანსებენ გრანტებს, უამრავ კარგ საქმეს და მათ მიერ დახარჯული ყველა თანხა, რომელიც ბიუჯეტში მიედინება, კონკრეტულ სამინისტროში, არის გამჭვირვალე. თქვენ იცით, რომ საქართველო მთელ მსოფლიოში პირველ ადგილზეა ბიუჯეტის გამჭვირვალობის ინდექსით, მაგრამ სხვადახვა ფონდიდან ასეულობით მილიონი დოლარი შემოდის, მათ შორის, სამოქალაქო სექტორში და ამ თანხების მიზნობრიობა, უბრალოდ, არ ვიცით. მაგალითად, ერთ-ერთმა ფონდმა კრიმინალ მელიას გადაუხადა გირაო, რომ ის თავისუფლებაზე გამოსულიყო. რამდენად არ იყო მელია კრიმინალი, ეს სასამართლომ დაადასტურა. სხვათა შორის, ამ ადამიანებმა მოსთხოვეს სალომე ზურაბიშვილს, რომ ნიკა გვარამია შეეწყალებინა, რომლის გამოსვლაც თურმე პოლარიზაციის შემცირების საფუძველი იქნებოდა. აგერ, გუშინ ვუყურებდით პირდაპირ ეთერში, როგორ იქცეოდა ნიკა გვარამია. მისმა გამოსვლამ ქვეყანაში პოლარიზაცია შეამცირა თუ პირიქით, გაზარდა? აი, ამაშია საქმე“, – განაცხადა ბოჟაძემ.
ლადო ბოჟაძემ ასევე განაცხადა, რომ, ფინანსური თვალსაზრისით, პოლიტიკური პარტიების საქმიანობის გამჭვირვალობით ქართული კანონმდებლობა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა და სწორედ ამიტომ იქნა მოფიქრებული მათი დაფინანსების სქემა სხვა ორგანიზაციების გავლით.
„ვერცერთი პარტია ვერ მიიღებს ერთ თეთრს შესაბამისი კონტროლის გარეშე და რაც ყველაზე მთავარია, ვერ დახარჯავს. აქედან გამომდინარე, უცხოული ძალების მხრიდან პარტიების ან პოლიტიკოსების პირდაპირ დაფინანსება აკრძალულია და ამიტომ შეიქმნა სქემა – რატომ დავაფინანსო პირდაპირ „ნაციონალური მოძრაობა“, ნიკა გვარამიას პარტია ან ვინმე სხვა, როცა შემიძლია, დავაფინანსო იმავე დასახელების არასამთავრობო ორგანიზაციები ან, აზოგადად, გარკვეული რაოდენობა არასამთავრობო ორგანიზაციების და მედიების. მაგალითად, „მთავარმა“ თქვა, ჩვენ გრანტი მივიღეთო, მაგრამ მიზნობრიობა არ დაასახელეს. აი, შენ ფული და დახარჯე, რაშიც გაგიხარდება. რაში დაიხარჯება? – ისევ ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ეკლესიის წინააღმდეგ. თუ ნებისმიერი საჯარო მოხელის ქონებრივი დეკლარაცია შეგვიძლია, ინტერნეტში წავიკითხოთ, ვნახოთ, რას იღებს და ხარჯავს ბიუჯეტი და როგორ ხდება ეს ყველაფერი, რაშიც გამჭვირვალე ვართ, თუ გამჭვირვალეა ბიზნესი, რომელიც იხდის გადასახადს, მესამე სექტორი რატომ არის განსაკუთრებული და გამორჩეული იმით, რომ არც გადასახადი არ უნდა გადაიხადოს და არც შემოსავლების დეკლარირება არ უნდა მოახდინოს?“ – განაცხადა ბოჟაძემ.
მისი თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციებს ინიცირებული კანონპროექტით მოეთხოვებათ ერთადერთი რამ, შეავსონ დეკლარაცია და საზოგადოებას გააგებინონ, რისთვის, რა მიზნით მიიღეს დაფინანსება და დახარჯეს თუ არა მიღებული ფინანსები მიზნობრივად.