ლადო ბოჟაძე - როცა ოპოზიცია ხარ და ამდენი თემა გაქვს, ეთერიდან არ უნდა ჩამოდიოდე, ამ დროს კი ლეიბიდან არ ჩამოდიხარ
ის პროცესები, რომლებიც უმრავლესობის შიგნით დაიწყო, ყველა შემთხვევაში იქნება სიახლის მომტანი, – ამის შესახებ „სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის“ დირექტორმა, ლადო ბოჟაძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„ის პროცესები, რომლებიც უმრავლესობის შიგნით დაიწყო, ყველა შემთხვევაში იქნება სიახლის მომტანი, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება, პერსონიფიცირებაზე არ ავეწყოთ; თუმცა, ეს, მათ შორის, „ქართული ოცნებისთვის“ იქნება ძალიან საინტერესო, რადგან მათ ოპონირებას ის ადამიანები გაუწევენ, ვისთან ერთადაც პოლიტიკას აკეთებდნენ. ეს არ იქნება „ნაციონალური მოძრაობა“, რომელსაც მარტივად, ცხრა წელს წამოაძახებ და დამთავრდება. ეს იქნება ძალიან კარგი და ამის რესურსი ბოლო არჩევნებმაც აჩვენა“, – განაცხადა ბოჟაძემ.
ამ განცხადებით ლადო ბოჟაძემ გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რამდენად რეალისტურია პოლიტიკური დღის წესრიგის შეცვლა, რაზეც ბოლო დროს მიდის საუბარი და რის ხარჯზე შეიძლება, შეიცვალოს პოლიტიკური დღის წესრიგი.
როგორც ბოჟაძემ აღნიშნა, ბოლო საპარლამენტო არჩევნებზე გამოჩნდა ნახევარი მილიონი ადამიანი, რომელსაც არ უნდა ერთი მხრივ, „ნაციონალური მოძრაობა“ და მეორე მხრივ, „ქართული ოცნება“.
„ეს ნახევარი მილიონი ადამიანი სიახლეებს ეძებს. „ნაციონალურ მოძრაობას“ არასოდეს არაფერი ეშველება. მით უმეტეს, არჩევნების გზით და კიდევ უფრო მით უმეტეს, ძალისმიერი და რევოლუციური გზით, რაც დღემდე არის მიხეილ სააკაშვილის და ამ პოლიტიკური ძალების ერთადერთი ამოცანა. ეს ნახევარი მილიონი ადამიანი უფრო მეტად მომთხოვნია, მათ შორის, „ქართული ოცნების“ მიმართ, თუნდაც იმიტომ, რომ ხმას „ნაციონალურ მოძრაობას“ არასდროს მისცემს, მაგრამ როგორც კი ალტერნატივა გამოჩნდება, იქით გადაიხრება. ამიტომ, ამ ნახევარ მილიონ ხმაზე „ნადირობა“ ის პროცესია, რაზეც ბრძოლა ღირს“, – განაცხადა ბოჟაძემ.
„სამოქალაქო საზოგადოებისა და დემოკრატიის განვითარების ცენტრის“ დირექტორმა ასევე განაცხადა, რომ შესაძლოა, გიორგი გახარიასთვის პრემიერ-მინისტრობიდან წასვლა ღირდეს იმიტომ, რომ შემდეგ არჩევნებზე იქნება, კოალიციურ რეჟიმში თუ სხვაგან, ის ისევ ხელისუფლებაში დაბრუნდეს.
„გიორგი გახარიას წასვლა ვინ როგორ შეაფასა, ეს ცალკე ამბავია, მაგრამ შეიძლება, მისთვის პრემიერ-მინისტრობიდან წასვლა ღირდეს იმიტომ, რომ ხვალ, წლების შემდეგ, შემდეგ არჩევნებზე იქნება, კოალიციურ რეჟიმში თუ სხვაგან, ისევ ხელისუფლებაში დაბრუნდეს. თუ არადა, თუ ეს ცვლილებები არ გინდა, იქ არ ხარ?! რატომ მიდიხარ და ვინმეს რატომ ათქმევინებ, რომ ბრძოლის ველიდან გაიქეცი, ან უი, არაღ შემიძლია, წავალ და ასე შემდეგ?! ამიტომ, ეს ყველა შემთხვევაში იქნება სიახლე პოლიტიკურ სივრცეში. მინიმუმ, სხვა პროცესებს დავინახავთ და ეს „ქართულ ოცნებას“ ბრჭყალებში, კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს, რადგან ის კიდევ უფრო მეტად ანგარიშვალდებული უნდა გახდეს“, – განაცხადა ბოჟაძემ.
მისივე თქმით, ქვეყანაში უამრავი თემაა, რომლებზეც ოპოზიცია სატელევიზიო ეთერებში მუდმივად უნდა საუბრობდეს და ხელისუფლებას აკრიტიკებდეს, მაგრამ ამის ნაცვლად, სხვა რამით არის დაკავებული.
„როცა ოპოზიცია ხარ და ამდენი თემა გაქვს, ეთერიდან არ უნდა ჩამოდიოდე, ამ დროს კი ლეიბიდან არ ჩამოდიხარ. ამიტომ, აგერ, ექვს თვეში იქნება ძალიან მნიშვნელოვანი არჩევნები და ბევრი რამ შეიცვლება“, – განაცხადა ბოჟაძემ.
ლადო ბოჟაძემ „ქართულ ოცნებას“ მოუწოდა, იმ ადამიანებს მოუსმინოს, რომლის გამოც ეს გუნდი ხელისუფლებაშია და რომლის გამოც მათ აქვთ ბედნიერება, საკუთარ ხალხსა და ქვეყანას ემსახურონ.