ლაცაბიძეს სამი თვე გაუცდება - „საბურთალოს“ მცველს მოტეხილობა დაუდგინდა #1TVSPORT
ლაცაბიძეს სამი თვე გაუცდება - „საბურთალოს“ მცველს მოტეხილობა დაუდგინდა #1TVSPORT

ეროვნული ლიგის 21-ე ტურში „საბურთალომ“ ქუთაისის „ტორპედოს” უმასპინძლა და მე-8 წუთზე იძულებითი ცვლილება დასჭირდა – მოედანი ტრავმის გამო გიორგი ლაცაბიძემ დატოვა, რომელსაც სერიოზული ტრავმა აღმოაჩნდა – ინფორმაციას „საბურთალოს“ პრეს-სამსახურმა გაავრცელა.

„ქუთაისის „ტორპედოს“ მატჩის მე-8 წუთზე ტრავმის გამო იძულებითი შეცვლა მოუწია ჩვენი კლუბის ფეხბურთელ გიორგი ლაცაბიძეს, რომელმაც შეხვედრის გაგრძელება ვეღარ შეძლო. ტრავმა სერიოზული აღმოჩნდა, რის შემდეგაც, გუშინვე, ფეხბურთელს ოპერაცია ჩაუტარდა. ლაცაბიძეს მცირე წვივის ძვლის მოტეხილობა დაუდგინდა. ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. როგორც ექიმები ამბობენ, ამპლუით მცველი სამ თვეში დაუბრუნდება მოედანს. გიორგის გამოჯანმრთელებასა და მინდორზე მალე დაბრუნებას ვუსურვებთ!“ – წერია „საბურთალოს“ განცხადებაში.

გიორგი ლაცაბიძე 26 წლისაა. მარცხენა მცველს უთამაშია „ცხინვალში“, „ვიტ ჯორჯიაში“, „რუსთავში“, „საბურთალოში“ კი 2020 წლის ბოლოს გორის „დილადან“ გადავიდა და გუნდის ერთ-ერთ საკვანძო მოთამაშედ ჩამოყალიბდა.

ლაცაბიძის არყოფნა „საბურთალოსთვის“ დიდი დანაკლისი იქნება, რადგან გიორგი ეროვნული ლიგის მიმდინარე გათამაშების ერთ-ერთი საუკეთესო და შედეგიანი მცველია. მან „საბურთალოში“ 19 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი გაიტანა და 5 საგოლე გადაცემა შეასრულა, რაც მცველებში საუკეთესო შედეგია.