ტარიელ ხეჩიკაშვილი - „საბურთალო“ სეზონს უტიტულოდ არ ასრულებს, კლუბს და ქართულ ფეხბურთს მომავალი აქვს #1TVSPORT
ტარიელ ხეჩიკაშვილი - „საბურთალო“ სეზონს უტიტულოდ არ ასრულებს, კლუბს და ქართულ ფეხბურთს მომავალი აქვს #1TVSPORT

„საბურთალოს“ პრეზიდენტმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა საქართველოს თასის ფინალში გამარჯვებაზე ისაუბრა – ქუთაისში გამართულ დაპირისპირებაში თბილისელებმა წყალტუბოს „სამგურალი“ 1:0 დაამარცხეს და ბოლო სამი წლის განმავლობაში მეოთხე ტიტულის მფლობელები გახდნენ, ხოლო 2022 წელს ზედიზედ მესამედ სუპერთასისთვის იბრძოლებენ.

„ძალიან კარგია, რომ „საბურთალოს“ თითოეული წევრის შრომა ასე ფასდება. მეოთხე წელია, რაც სეზონს ტიტულის გარეშე არ ვასრულებთ. თასი უკვე მეორედ მოვიგეთ, 2018 წელს ჩემპიონები გავხდით, 2019 წელს თასს დავეუფლეთ, 2020-ში – სუპერთასს და ახლა ისევ თასი მეორე ავიღეთ. რა თქმა უნდა, ეს სტაბილურობის ნიშანია და რაც მთავარია, იმას აჩვენებს, რომ „საბურთალოში“ საქმე სწორად კეთდება, ახალგაზრდები მოდიან, ერთ-ერთი საუკეთესო აკადემიაა და ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო კლუბია. ვფიქრობ, რომ ამ კლუბს მომავალი აქვს, ისევე როგორც ქართულ ფეხბურთს და იმედი მაქვს, ერთად შევძლებთ, რომ კიდევ არაერთი ნიჭიერი ქართველი ფეხბურთელი წარმოვაჩინოთ და ქართველი გულშემატკივარი გავახაროთ“, – განაცხდა ხეჩიკაშვილმა.

„საბურთალოს“ პრეზიდენტმა სამომავლო გეგმებზე საუბრისას განაცხადა, რომ კლუბს სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდიც დაეხმარება.

„ეს სეზონი ცალსახად წარმატებული გამოვიდა. დღეს საფიქრალი ისაა, ეს ზეიმი ერთად შესაბამისად აღვნიშნოთ. ხვალინდელ დღეზე კი ხვალ ვიფიქრებთ – კლუბის ხელმძღვანელობა, ასევე სპორტის, ტურიზმის და ახალგაზრდობის ფონდი და არა მარტო „საბურთალოს“, სხვა კლუბებსაც დავეხმარებით, რომ ევროპულ ასპარეზზე ღირსეულად წარდგნენ. მთავარია, რომ ფონდი იქნება ერთ-ერთი ყველაზე მთავარი მხარდამჭერი „საბურთალოსი“ და ყველა იმ კლუბის, ვისთანაც თანამშრომლობის ფორმატი შედგება“, – ამბობს „საბურთალოს” პრეზიდენტი.