კვლევის თანახმად, დიდ ბრიტანეთში მასშტაბური დეზინფორმაციული კამპანია გამოააშკარავეს, რომლის უკან სავარაუდოდ კრემლი დგას
დიდ ბრიტანეთში მასშტაბური დეზინფორმაციული კამპანია გამოააშკარავეს, რომლის უკან სავარაუდოდ კრემლი დგას. ამის შესახებ ნათქვამია კარდიფის უნივერსიტეტის ცენტრის მიერ ჩატარებულ კვლევაში.
სპეციალისტების ინფორმაციით, „კრემლის ტროლების“ სამიზნე 16 ქვეყანაში 32 მედიასაშუალება გახდა. როგორც ბრიტანული გამოცემა „ივნინგ სტანდარტი“ იუწყება, დასავლური მედიასაშუალებები სისტემატურად ხდებოდნენ მანიპულაციების მსხვერპლი, რომლის მიზანიც კრემლისთვის სასურველი პროპაგანდისა და დეზინფორმაციის გავრცელება იყო.
ექსპერტების თქმით, სხვადასხვა მედიასაშუალების ვებგვერდზე კომენტარების ველი „კრემლის ტროლების მიერ იყო ოკუპირებული, რომელთა ამოცანაც მანიპულაციების გზით საზოგადოების განწყობის შეცვლა“ იყო.
როგორც ცნობილი ხდება, დეზინფორმაციული კამპანიის სამიზნეებს შორის მოხვდა გერმანული „შპიგელი“, ბრიტანული „თაიმსი“, ამერიკული „ფოქს ნიუსი“ და „ვაშინგტონ პოსტი“, ფრანგული „ლე მონდი და იტალიური „ლა სტამპა“.
სპეციალისტების ცნობით, ეს დეზინფორმაციული კამპანია გამწვავდა 2018 წელს, ხოლო ბოლო ხანებში კრემლის ტროლები ყველაზე ხშირად ავღანეთიდან ამერიკელი სამხედროები გაყვანის შესახებ წერდნენ. კვლევის გამოქვეყნების შემდეგ განცხადება გააკეთა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა. დომინიკ რააბმა განაცხადა, რომ კარდიფის უნივერსიტეტის ანგარიშში მოყვანილი ფაქტები ცხადყოფს, რომ ინტერნეტში გავრცელებული დეზინფორმაცია დიდი ბრიტანეთის დემოკრატიას ემუქრება.