კვლევის მიხედვით, აშშ-ში გარეული ირმების 40 პროცენტი კორონავირუსით არის ინფიცირებული — #tvმეცნიერება
კვლევის მიხედვით, აშშ-ში გარეული ირმების 40 პროცენტი კორონავირუსით არის ინფიცირებული — #tvმეცნიერება

როგორც ჩანს, ახალმა კორონავირუსმა აშშ-ში ადამიანებიდან გარეულ ირმებში გადასვლა შეძლო.

ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში ახლახან ჩატარებულმა ფედერალურმა კვლევამ, შესწავლილი თეთრკუდა ირმების (Odocoileus virginianus) 40 პროცენტში SARS-CoV-2-ის გამანეიტრალებელი ანტისხეულები აღმოაჩინა.

მხოლოდ მიჩინაგნის შტატში, გარეული ირმების 67 პროცენტს სისხლში კორონავირუსის იმუნური მარკერები აღმოაჩნდა.

ეს გახლავთ გარეულ ცხოველებში კორონავირუს SARS-CoV-2-ის ფართოდ გავრცელების პირველი მტკიცებულება. მიუხედავად იმისა, რომ კვლევა ჯერ რეცენზირებული არ არის, შედეგები მაინც საკმაოდ საგანგაშოა.

მართალია, არც ერთ ირემს ჯანმრთელობაზე გვერდითი ეფექტები არ აღენიშნება, მაგრამ სისხლში კონკრეტული ანტისხეულების აღმოჩენა მიუთითებს, რომ მათ ვირუსი აქვთ გადატანილი.

მეცნიერები შიშობენ, რომ რადგან ირმების პოპულაცია პათოგენს უჩუმრად ატარებს და ავრცელებს, SARS-CoV-2-ს ამით შეიძლება ადაპტაციისა და ახალ შტამებად გარდაქმნის საშუალება მიეცეს, თანაც ისეთ შტამებად, რომლებმაც შემდეგ ისევ ადამიანები დააინფიციროს და გაცილებით გადამდები და სასიკვდილოც იყოს.

გარდა ამისა, აშშ-ში თეთრკუდა ირმები ადამიანებთან ახლო კონტაქტში არიან, როგორც ველზე, ისე საკონსერვაციო პროგრამებში, ნადირობაში, წყალთან და ა. შ. ეს კი ვირუსს შესანიშნავ შანსს აძლევს უკან, ადამიანებში დასაბრუნებლად.

მეცნიერები გლობალური პანდემიის დაწყებიდანვე შიშობდნენ, რომ ახალ კორონავირუსს შეიძლება ადამიანიდან ცხოველთა სხვა სახეობებში გადასვლა შესძლებოდა.

მართლაც, შარშან ევროპასა და აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირების გამო, ფერმებში მასობრივად გაანადგურეს წაულები. თუმცა, ტყვეობაში მყოფი ცხოველებისგან განსხვავებით, გარეულ ცხოველებში ინფექციის კონტროლი სულაც არ არის ადვილი.

სწორედ ამიტომ შეშფოთდნენ მეცნიერები ამ აღმოჩენით ასე ძალიან. თუ საბოლოოდ დადასტურდა, რომ SARS-CoV-2-მა ველურ ბუნებაში გავრცელება მართლაც შეძლო, მისი ამოძირკვა შეიძლება უკიდურესად გართულდეს. თუ ვირუსი ახალ სახეობებში ადაპტირდა და შემდეგ კვლავ ადამიანებზე გადმოვიდა, ჩვენი ვაქცინები მის წინააღმდეგ შესაძლოა, გაცილებით ნაკლებად ეფექტიანი აღმოჩნდეს.

ცოტა ხნის წინ, იუტის შტატში, SARS-CoV-2-ზე დადებითი აღმოჩნდა ერთი შეხედვით ჯანმრთელი, ველური წაულა. ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც თავისუფალ, ველურ ბუნებაში მყოფ ცხოველს ეს ვირუსი დაუდასტურდა. როგორც მეცნიერები ვარაუდობდნენ კიდეც, ეს ალბათ ჯერ მხოლოდ აისბერგის წვერია. ახლა უკვე ისიც ირკვევა, რომ როგორც ჩანს, ვირუსი გარეულ ირმებშიც მძვინვარებს.

ლაბორატორიაში ჩატარებულმა წინა კვლევებმა აჩვენა, რომ თეთრკუდა ირემი SARS-CoV-2-ისადმი ძლიერ მგრძნობიარეა და ინფიცირებულ ინდივიდს სხვა ინდივიდის დაინფიცირებაც შეუძლია.

ახალი აღწერა კი მიუთითებს, რომ ასეთი გავრცელება ველურ ბუნებაში უკვე ხდება. თუმცა, დეტალების გასარკვევად დამატებითი კვლევებია საჭირო.

2021 წლის იანვრიდან მარტამდე, მკვლევართა ჯგუფმა 385 გარეული თეთრკუდა ირმის სისხლის პლაზმის ნიმუში აიღო; ამოიღო 2011-2020 წლებში აღებული 239 ნიმუშიც და ყველა მათგანი SARS-CoV-2-ის ანტისხეულებზე შეამოწმა.

2019 წლამდე აღებულ ნიმუშებში, გარეულ ირემთა სისხლში SARS-CoV-2-ის მარკერები არ აღმოჩნდა. თუმცა, პანდემიის დაწყების შემდეგ აღებულ ნიმუშებში ანტისხეულების რაოდენობა სულ უფრო იმატებს.

2020 წლის ნიმუშში, SARS-CoV-2-ისათვის სპეციფიკური სისხლის ცილები აღმოაჩინეს სამ ირემში. სამი თვის შემდეგ მიჩიგანში, პენსილვანიაში, ილინოისსა და ნიუ-იორკში აღებულ ნიმუშებში კი, 385 ირმიდან თითქმის ნახევარს გამანეიტრალებელი ანტისხეულები უფიქსირდება.

ჯერჯერობით უცნობია, როგორ დაინფიცირდნენ ირმები ვირუსით. შეიძლება ის პირდაპირ ადამიანებიდან გადავიდა ან იმ მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვიდან თუ გარეული ცხოველებიდან, რომლებთანაც კონტაქტი გვქონდა.

აშშ-ში შესაბამისი უწყებები უკვე ალაპარაკდნენ ველური ბუნების უფრო დიდი მეთვალყურეობის საჭიროებაზე, განსაკუთრებით მტაცებლებისა და ლეშისმჭამელების, რომლებსაც რეგულარულად აქვთ ირმებთან კავშირი.

და ბოლოს, არ არის გამორიცხული, COVID-19-ის გამომწვევი ახალი კორონავირუსი SARS-CoV-2 ველურ ბუნებაში უფრო სწრაფად ვრცელდებოდეს, ვიდრე ჩვენში.

კვლევა ხელმისაწვდომია რეცენზირებამდელ სერვერზე bioRxiv.

მომზადებულია ScienceAlert-ის მიხედვით.