კვირაცხოვლობასთან დაკავშირებით ილია მეორე სვეტიცხოველში წირვას აღავლენს
დღეს კვირაცხოვლობაა. აღდგომის შემდეგ კვირას მართმადიდებელი სამყარო თომას კვირადაც მოიხსენიებს, რადგანაც ამ დღეს ქრისტიანები თომას რწმენაში მოსვლას იხსენებენ.
სვეტიცხოვლის ტაძარში ამ წუთებში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე საკვირაო წირვას აღავლენს.
სახარების მიხედვით, თომა მოციქულმა ქრისტეს აღდგომა იქამდე არ დაიჯერა, ვიდრე მაცხოვარი საკუთარი თვალით არ ნახა. ქრისტეს მოწაფეების მტკიცების მოუხედავად, ის პასუხობდა: „თუ არ ვიხილავ მის ხელებზე ნალურსმნევს და ნალურსმნევში არ ჩავყოფ თითს, მის ფერდში კი – ხელს, არ ვირწმუნებ“ (იოანე, 20:25).
სწორედ ამის შემდეგ, აღდგომიდან მერვე დღეს უფალი ეჩვენა თომას აღდგომის დასტურად.
კვირაცხოვლობას ტაძრებში მორწმუნეებს ურიგდებათ დაჭრილი არტოსი – საგანგებოდ გამომცხვარი პური, რომელიც აღდგომის დღიდან მთელი ბრწყინვალე შვიდეულის მანძილზე ეკლესიებში კანკელის წინ პატარა მაგიდაზე დევს.