კვიპროსის საზოგადოებრივი მაუწყებლის კორესპონდენტმა ქართველ კოლეგებს მადლობა გადაუხადა
კვიპროსის საზოგადოებრივი მაუწყებლის კორესპონდენტმა პირდაპირ ეთერში ქართველ კოლეგებს – ჟურნალისტ მარიამ ცარელაშვილსა და ოპერატორ აკაკი გურგენიშვილს შესანიშნავი მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა.
კვიპროსის მაუწყებლის მთავარი არხის – PIK-ის დილის პროგრამაში პირველი არხის ჟურნალისტ მარიამ ცარელაშვილისა და ოპერატორი აკაკი გურგენიშვილის შესახებ ისაუბრეს.
პირდაპირი ჩართვა, რომელიც ერთ-ერთ ადგილობრივ ფესტივალს ეხებოდა, კვიპროსელმა ჟურნალისტმა თეოდულოს კულაპმა ქართველი კოლეგების კუნძულზე სტუმრობის აღნიშვნით დაასრულა.
„მინდა, გულთბილი მოკითხვა გადავცე ჩემს მეგობრებს და კოლეგებს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლიდან, მარიამს და კაკოს, რომლებიც ახლა თავისი სასტუმროდან გვიყურებენ და ემზადებიან სამშობლოში გასამგზავრებლად. ისინი კვიპროსში ჩამოსული იყვნენ აქ მცხოვრებ ქართველებთან დაკავშირებული სიუჟეტების გადასაღებად, თუმცა ასევე დაინტერესდნენ ჩვენი ეროვნული პრობლემით. კეთილი მგზავრობა, მეგობრებო და მადლობა შესანიშნავი მუშაობისთვის”,- განაცხადა კულაპმა.
თეოდულოს კულაპი ეროვნულ პრობლემაში გულისხმობდა კვიპროსის კონფლიქტს, თურქეთის მიერ კვიპროსის ჩრდილოეთ ნაწილის ოკუპაციას, რომელიც ხმელთაშუა ზღვის კუნძულზე უკვე 44 წელია, გრძელდება. ამ თემაზე პირველი არხის ჟურნალისტებმა კვიპროსის დედაქალაქ ნიქოზიაში იმუშავეს, რომელიც დღეს მსოფლიოში ბოლო გაყოფილი დედაქალაქია. მასზე გადის ე.წ. მწვანე ზოლი, რომელიც ქალაქს შუაზე, ქვეყანას კი ორად ყოფს.
მარიამ ცარელაშვილის რეპორტაჟი იხილეთ ბმულზე.