კვიპროსის ხელისუფლება ინვესტიციების სანაცვლოდ მოქალაქეობის მინიჭების პროგრამას აჩერებს
კვიპროსის ხელისუფლება ინვესტიციების სანაცვლოდ მოქალაქეობის მინიჭების პროგრამას აჩერებს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.
აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზი პროგრამით ბოროტად სარგებლობის შესახებ გავრცელებული ცნობები გახდა. კვიპროსში მოქმედი პროგრამა, ორი მილიონი ევროს ოდენობის ინვესტიციის სანაცვლოდ ქვეყნის მოქალაქეობის მინიჭებას ითვალისწინებდა, რაც ინვესტორს ასევე ევროკავშირში უვიზო გადაადგილების უფლების მოპოვების საშუალებას აძლევდა.
როგორც კვიპროსის მთავრობის პრესსპიკერმა, კირიაკოს კოუშოსმა მინისტრთა კაბინეტის საგანგებო სხდომის შემდეგ განაცხადა, პროგრამა პირველი ნოემბრიდან შეჩერდება.
როგორც სააგენტო „როიტერი“ აღნიშნავს, კვიპროსის მოქალაქეობის მიღების სქემა, რომელსაც აკრიტიკებდნენ, როგორც არაგამჭვირვალესა და ფულის გათეთრების რისკის შემცველს, პოპულარულია რუსებს, უკრაინელებს, ბოლო პერიოდში კი ჩინელებსა და კამბოჯელებს შორის.