კურორტ ბახმაროში წყლისა და წყალარინების სისტემების მშენებლობის პროექტირება იწყება
კურორტ ბახმაროში წყლისა და წყალარინების სისტემების მშენებლობის პროექტირება იწყება

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია კურორტ ბახმაროს წყალმომარაგება-წყალარინების სისტემებისა და წყალარინების გამწმენდი ნაგებობის მშენებლობის პროექტირებას იწყებს.

როგორც გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში აცხადებენ, ბახმაროში დღემდე არ არსებობს წყალმომარაგების ცენტრალიზებული სისტემა, არ ფუნქციონირებს კანალიზაციის ქსელი და გამწმენდი ნაგებობა. ინფრასტრუქტურის არ არსებობის გამო, დაბას წყალი შეზღუდული გრაფიკით მიეწოდება.

„პროექტირების დასრულების შემდეგ, დაიწყება წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების, ასევე გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა. პროექტის განხორციელება საბოლოოდ გადაჭრის ამ მიმართულებით არსებულ პრობლემებს და ბახმაროს დამსვენებლებს სტაბილური წყალმომარაგებით უზრუნველყოფს. ასევე, კურორტს წყალარინების გამართული ინფრასტრუქტურა და გამწმენდი ნაგებობა მოემსახურება, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს გარემოზე მავნე ზემოქმედების რისკებს“, – აცხადებენ გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში.