ოთხი წლის წინ ეს კუნძული თითქმის არაფრისგან გაჩნდა, წყნარი ოკეანის სამხრეთ ნაწილში, ადგილზე, სადაც მანამდე მხოლოდ ტალღები ირხეოდა.
დაუჯერებელი ადგილი ტონგაში, ორ კუნძულს შორის გაჩნდა. მას ჯერ არც ოფიციალური სახელი აქვს, მაგრამ იქვე დამალული წყალქვეშა ვულკანის გამო ადგილობრივები ჰუნგა-ტონგას უწოდებენ. ის სწორედ ამ ვულკანის ამოფრქვევის შედეგად წარმოიქმნა.
ჰუნგა-ტონგას მეცნიერები აქტიურად სწავლობენ, რათა გაარკვიონ, თუ როგორ წარმოიქმნება ასეთი უკიდურესად იშვიათი ვულკანური კუნძულები.
დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია, რომ ჰუნგა-ტონგა ამ სახის მესამე ვულკანური კუნძულია, რომელიც ბოლო 150 წლის განმავლობაში წარმოიქმნა და შესაბამისად, მეცნიერებს უნიკალური შანსი აქვთ მისი იდუმალი გარემოს შესასწავლად.
ჰუნგა-ტონგას კვლევები აქამდე ძირითადად შორიდან, აერო და თანამგზავრული ვიზუალიზაციის საშუალებით ხდებოდა. თუმცა, ახლახან მეცნიერები მის ნაპირს ნავით მიადგნენ და მისი უშუალოდ, ადგილზე კვლევის შანსი ხელიდან არ გაუშვეს.
NASA-ს მკვლევრის, დენ სლაიბეკის განცხადებით, კუნძული ძირითადად შავი ქვიშისგან შედგება. იგი ჰუნგა-ტონგაზე მეცნიერებისა და სტუდენტებისგან შემდგარ ჯგუფთან ერთად გაემგზავრა.
კუნძულზე მისულმა მკვლევრებმა ჩაატარეს GPS გაზომვები, გადაიღეს დრონით, ჩაიწერეს მონაცემები სიმაღლეებისა და სხვადასხვა ეროზიული მახასიათებლის შესახებ.
სლაიბეკის თქმით, კუნძული არც ისე ბრტყელი აღმოჩნდა, როგორც თანამგზავრიდან ჩანდა. ტალღების მოქმედებით, ქვიშისგან გარკვეული ფორმაციები წარმოქმნილიყო.
ყველაზე მნიშვნელოვანი კი ის აღმოჩნდა, რამდენად სწრაფად იფეთქა ახალგაზრდა კუნძულზე სიცოცხლემ.
გარდა მცენარეულობისა, ჰუნგა-ტონგას კლდოვან ხევებში მეცნიერებმა ასობით ზღვის ფრინველი შენიშნეს.
მიუხედავად ყველაფრისა, ამ ლანდშაფტს საფრთხე ემუქრება. ასეთი ვულკანური კუნძულები ხშირად მხოლოდ რამდენიმე თვით არსებობს, შემდეგ კი ეროზია კვლავ აქრობს. ჯერჯერობით არავინ იცის, რამდენ ხანს გაძლებს ჰუნგა-ტონგა.
პროგნოზი არც თუ ისე სახარბიელოა. სლაიბეკის თქმით, ნალექები კუნძულის ეროდირებას იმაზე უფრო სწრაფად ახდენს, ვიდრე წარმოედგინათ.
მანამდე კი, მეცნიერები შეეცდებიან, რაც შეიძლება მეტი შეიტყონ ამ მოტივტივე თავშესაფრის შესახებ.
მომზადებულია blogs.nasa.gov-ის მიხედვით.