კუმარ აიერი - ქართულ მხარეს შევთავაზეთ ექსპერტების ჩამოსვლა, დამატებით ტრენინგების შესაძლებლობა, რათა კონტროლის მექანიზმები კიდევ უფრო დაიხვეწოს
სანქციებისგან თავის არიდება უმეტესად ხდება სახმელეთო საზღვრების გზით და, შესაბამისად, ახლა ვართ ფოკუსირებული, რა მექანიზმები შეიძლება, დამატებით იყოს შემოღებული, რომ გამკაცრდეს კონტროლი და მონიტორინგი, – ამის შესახებ გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა ეკონომიკის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების გენერალურმა დირექტორმა, კუმარ აიერმა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელთან, ელჩ ჯიმ ო’ბრაიენთან ერთად თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
კუმარ აიერს კითხვა დაუსვეს, გაზრდის თუ არა რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენა სანქციებისგან თავის არიდების რისკს, რაზეც კუმარ აიერმა აღნიშნა, რომ საჰაერო მიმოსვლა იქნება ის მეორე მიმართულება, რომელზეც მონიტორინგი და კონტროლი ასევე უნდა გამკაცრდეს.
„შეხვედრებზე ჩვენ განვიხილეთ, მაგალითად, საუკეთესო, იმ პოზიტიური კარგი გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობა, რომელიც ბრიტანეთს, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ევროკავშირს აქვს ამ მიმართულებით. შევთავაზეთ ექსპერტების ჩამოსვლა, დამატებით ტრენინგების შესაძლებლობა, რათა კონტროლის მექანიზმები კიდევ უფრო დაიხვეწოს. კიდევ ერთხელ ხაზს გავუსვამ იმას, რომ ელჩმა ო’ბრაენმა თქვა, ჩვენი მიზანი არ არის, რომ შევაჩეროთ ვაჭრობა, განსაკუთრებით, როდესაც ეს ეხება საკვებ პროდუქტებს, მედიკამენტებს, აქ ჩვენ ვუყურებთ კონკრეტულად იმ ტიპის საქონელს, რომელიც გამოიყენება ბრძოლის ველზე“, – განაცხადა კუმარ აიერმა.