ალეკო ელისაშვილი - არაფრით მესმის, იყო ქართველი, ოპოზიციონერი და გიხაროდეს შენი ქვეყნის წარუმატებლობა, ერთი სული გქონდეს, დაგდონ ბრალი, რომ სანქცირებულ პროდუქტს ატარებ და შავი ხვრელი ხარ
ალეკო ელისაშვილი - არაფრით მესმის, იყო ქართველი, ოპოზიციონერი და გიხაროდეს შენი ქვეყნის წარუმატებლობა, ერთი სული გქონდეს, დაგდონ ბრალი, რომ სანქცირებულ პროდუქტს ატარებ და შავი ხვრელი ხარ

ვცდილობ, შეურაცხყოფა არავის მივაყენო და ჭკუა არ ვასწავლო, მაგრამ ვამბობ ჩემს გულისტკივილს, რომ არაფრით არ მესმის, იყო ქართველი, საქართველოს მოქალაქე, ოპოზიციონერი და გიხაროდეს შენი ქვეყნის წარუმატებლობა, ერთი სული გქონდეს, დაგდონ ბრალი მძიმე რაღაცაში, რომ შენ სანქცირებულ პროდუქტს ატარებ და შავი ხვრელი ხარ, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

ელისაშვილის თქმით, ყველას თავისი მორალი და კონსტიტუცია აქვს, მისთვის კი ეს აღმაშფოთებელია.

ამავდროულად, ალეკო ელისაშვილმა აღნიშნა, რომ ჯიმ ო’ბრაიენის, კუმარ აიერისა და დევიდ ო’სალივანის ვიზიტთან დაკავშირებით ასევე არ მოეწონა „ქართული ოცნების“ მხრიდან გაკეთებული განცხადებები.

„არ მომწონდა და არ მომწონს ოპოზიციის ერთი ნაწილის აღტაცებული კომენტარები და პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ ახლა სანქციების ჯგუფი ჩამოვა და ნახეთ, როგორ სანქციებს დაუწესებენ საქართველოს. არ მესმის ეს და მომკალი. მეც ოპოზიციაში ვარ, მაგრამ რატომ უნდა მიხაროდეს, თუ ჩემს ქვეყანას სანქციებს დაუწესებენ, არ ვიცი. მე პირადად გული მისკდებოდა, სანქციების ჯგუფი რას იტყოდა იმასთან დაკავშირებით, ვარღვევთ თუ არა სანქციებს და ჩვენგან გადის თუ არა რამე არალეგალური, ისეთი, რომელიც სანქცირებულთა სიაშია მოქცეული. თუ ჩვენი ხელისუფლება ამ ყველაფერს არღვევს და საქართველოსთვის სანქციები დაწესდება, სანქციები „ქართული ოცნებისთვის“ ხომ არ იქნება, ქვეყნისთვის იქნება. მაგალითად, უკრაინის სამხედრო დაზვერვამ ორჯერ რომ თქვა, საქართველოდან სანქცირებული პროდუქცია შედისო, მართლა გული მისკდებოდა, მტკიცებულებებს დადებდნენ თუ არა. ამ შემთხვევაში უკრაინული სამხედრო დაზვერვა ძალიან უპასუხისმგებლოდ მოიქცა. მიუხედავად იმისა, რომ მე თვითონ უკრაინული სამხედრო დაზვერვის ქვედანაყოფში ვმსახურობდი, იქ რომ ვიყავი. როცა იძახი, რომ საქართველო არღვევს სანქციებს და ამ დროს მტკიცებულებას ვერ დებ, ეს უპასუხისმგებლობაა. როგორც არ მომწონდა ოპოზიციის ერთი ნაწილის აღტაცება, რომ ახლა დაგვასანქცირებენ და ნახეთ, შავი ხვრელია საქართველო, ამას ბედნიერები ლაპარაკობდნენ, იმდენად არ მომწონს „ქართული ოცნების“, რომ, არიქა, ჩამოვიდნენ, რომ მადლობები გვითხრან.

სინამდვილეში, საქმე სხვა რამეშია. ბოლო პერიოდში უკრაინელებმა რომ რუსული რაკეტები ჩამოყარეს, მოხდა ამ რაკეტების დაშლა და შესწავლა, რა იყო შიგთავსი. იქ აღმოჩნდა საყოფაცხოვრებო ტექნიკიდან წაღებული სხვადასხვა ნივთი. ვიდეოკამერებიდან, ფოტოკამერებიდან, ლამის მაცივრებიდან და ტელევიზორებიდან არის ჩიპები წაღებული, რომ დამიზნება მოახერხონ. სანქცირებულია რუსეთი და აღარ შედის ის პროდუქცია, რომელიც პირდაპირ სამხედრო მრეწველობაში გამოიყენება, რუსებმა დაიწყეს მოხერხებულად რაღაც ხვრელების პოვნა.

იმ ქვეყნებიდან, რომლებსაც რუსეთთან სახმელეთო საზღვარი აქვთ, შედის ე.წ. ორმაგი დანიშნულების პროდუქცია. დიდი ალბათობით, ტელევიზორები ჩვენგანაც შედიოდა. ტელევიზორს და მაცივარს ხომ ვერ აკრძალავ, პირდაპირ სამხედრო პროდუქცია არ არის, მაგრამ იმის გამო, რომ მოხდა ახალი ჩამოგდებული რაკეტების შესწავლა და ვხედავთ, რომ ტელევიზორებს თუ რაღაც სხვა აპარატურას რუსები იყენებენ ისევ ხალხის დასახოცად, უკრაინის დასაბომბად, ამიტომ შედგა განახლებული სია. დარწმუნებული ვარ, ეს 38 პროდუქტი იმ საყოფაცხოვრებო ტექნიკიდანაა, რომელსაც შემდეგ რუსეთი ხალხის წინააღმდეგ იყენებს. ჩვენთანაც ჩამოვიდნენ. რა თქმა უნდა, გადაამოწმეს, ხომ არ მაიმუნობს საქართველოს მთავრობა და განახლებული სიის ის ახალი ჩამონათვალი გაგვაცნეს. ეს საქმიანი ვიზიტი იყო. ერთი მხრივ, გადაამოწმეს და, მეორე მხრივ, საქმის კურში ჩაგვაყენეს, რა ახალი პროდუქტი იქნება სანქცირებული. რა თქმა უნდა, უცხოელები თვალს ხუჭავენ, რომ ჩვენ გარკვეულ პროდუქტებზე არ გვაქვს სანქცია. თვალს ხუჭავენ, რომ ღარიბი ქვეყანა ვართ, თვალს ხუჭავენ, რომ შეიძლება, რუსეთი მართლა გაღიზიანდეს, მაგრამ, დიდი ალბათობით, ჩვენგან არ შედის სანქცირებული პროდუქცია, თორემ ეს ხალხი გამოვიდოდა და იტყოდა“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

საქართველოს 26 ივნისს ეწვივნენ სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალური წარმომადგენელი დევიდ ო’ სალივანი, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სანქციების კოორდინაციის ოფისის ხელმძღვანელი, ელჩი ჯიმ ო’ბრაიენი და გაერთიანებული სამეფოს საგარეო, თანამეგობრობისა და განვითარების საქმეთა ეკონომიკის, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების გენერალური დირექტორი კუმარ აიერი.

ვიზიტის ფარგლებში, ჯიმ ო’ბრაიენმა და კუმარ აიერმა გუშინ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. ჯიმ ო’ბრაიენმა აღნიშნა: „საქართველოში შეხვედრები კარგად ასახავს მჭიდრო თანამშრომლობას, რომელიც გვაქვს მთავრობასა და სხვადასხვა სააგენტოსთან, ჩვენი მიზანია, გავაგრძელოთ თანამშრომლობა“. ამასთან, კუმარ აიერის თქმით, მადლობელი არიან „ყველა ნაბიჯის გამო, რომლებიც საქართველოს მთავრობის მიერ გადაიდგა სანქციებისთვის გვერდის ავლის აღკვეთისთვის“.

ამავდროულად, ვიზიტის ფარგლებში გამართულ ბრიფინგზე სანქციების საკითხებში ევროკავშირის სპეციალურმა წარმომადგენელმა, დევიდ ო’სალივანმა აღნიშნა: „დავრწმუნდით, რომ საქართველოს ხელისუფლება სერიოზულად უდგება საკითხს, ქვეყანა არ იყოს გამოყენებული სანქციებისთვის გვერდის ავლისთვის, ქვეყანას პოზიტიური შთაბეჭდილებით ვტოვებთ“. ამასთან, დევიდ ო’სალივანმა განაცხადა: „საქართველოს არ აქვს დაწესებული სანქციები და, შესაძლოა, ამით იმედგაცრუებული ვიყოთ, თუმცა ასევე გვესმის სპეციფიკური სიტუაცია, რომელშიც ის იმყოფება“.