კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის საწყობად გამოყენების გამო, ოჟიოს სკოლას გაფრთხილება მიეცა
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მონიტორინგის შედეგად სოფელ ოჟიოს საჯარო სკოლის ეზოში მდებარე კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის – მეთვრამეტე საუკუნის სათავდაცვო ნაგებობის შემოწმებისას დარღვევები აღმოაჩინეს.
სააგენტოს ცნობით, შუა საუკუნეების კოშკის ტერიტორიას სკოლის ადმინისტრაცია შეშისა და მეორადი ნივთების საწყობად იყენებდა. მონიტორინგის შედეგად, კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი დაასუფთავეს და აზომეს. სკოლის ადმინისტრაციას კი, გაფრთხილება გამოეცხადა.
ოჟიოს კოშკი მეთვრამეტე საუკუნის სათავდაცვო ნაგებობაა, რომელიც ომიანობის ჟამს საცხოვრებელ ფუნქციას ითავსებდა. მსგავსი სათავდაცვო კოშკები ორ-სამსართულიანი იყო. ქვედა სართულები საცხოვრისი იყო, ზედა კი ქონგურებიან საბრძოლო ბანს წარმოადგენდა. ოჟიოს კოშკის მხოლოდ პირველი სართულია შემორჩენილი, რომელიც საცხოვრებელი დარბაზია, კედელში დატანებული ბუხრითა და თაღჩებით. გადახურვა გვირგვინოვანია. მეორე სართულზე ასასვლელი კიბე კედელშია ჩატანებული.