კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მუზეუმებსა და მუზეუმ-ნაკრძალებში მომსახურების ტარიფები გაძვირდა
მიმდინარე წლის პირველი იანვრიდან საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს სტრუქტურულ ერთეულში შემავალ მუზეუმებსა და მუზეუმ-ნაკრძალებში მომსახურების ტარიფები შეიცვალა.
როგორც საქართველოს პირველ არხს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში განუცხადეს, ფასები თითქმის 100 პროცენტით არის გაზრდილი, თუმცა მოქმედებს საშეღავათო სისტემა. უწყებაში განმარტავენ, რომ გაძვირების მიზეზი მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებაა.
ახალი ტარიფების მიხედვით, ვარძიისა და უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალებში შესასვლელი ბილეთის ღირებულება მოზრდილი ასაკის მოქალაქეებისთვის 15 ლარით განისაზღვრა. 10 ლარია ბილეთის ფასი უჯარმისა და დავით-გარეჯის მუზეუმ-ნაკრძალის, გრემის მუზეუმის, ხერთვისის ციხისა და ნოქალაქევის არქიტექტურულ-არქეოლოგიური მუზეუმ-ნაკრძალის ვიზიტორებისთვის.
ამასთან, ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში, ნიკო ფიროსმანის სახელმწიფო მუზეუმში, სტეფანწმინდის ისტორიულ მუზეუმში, ქუთაისის ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმ-ნაკრძალში (გეგუთის ციხე-დარბაზი), დიდი მცხეთის არქეოლოგიურ სახელმწიფო მუზეუმ-ნაკრძალში – არმაზციხე (ბაგინეთი) და ნიკო ნიკოლაძის სახლ-მუზეუმში მოზრდილი ასაკის მოქალაქეებისთვის ბილეთის ღირებულება 5 ლარი გახდა.
შეიცვალა სხვა მომსახურების ტარიფებიც: ვარძიისა და უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალებში ქართულენოვანი საექსკურსიო მომსახურება (გიდი) 25 ლარი, უცხოენოვანი მომსახურება კი, 45 ლარი გახდა. ორივე მუზეუმ-ნაკრძალში აუდიო საექსკურსიო მომსახურება 15 ლარით განისაზღვრა. დადგინდა აღნიშნული მუზეუმ-ნაკრძალების ვიზიტორთა ცენტრებში არსებული მულტიმედიური სივრცით სარგებლობის ღირებულებებიც. ვარძიის შემთხვევაში, ის 15 ლარი, ხოლო უფლისციხის ისტორიულ-არქიტექტურულ მუზეუმ-ნაკრძალში კი, 5 ლარი იქნება.
ერთი ლარით განისაზღვრა სამუზეუმო მომსახურების ტარიფები საქართველოს მოქალაქე მოსწავლეების, სტუდენტებისა და პენსიონრებისთვის.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მუზეუმებსა და მუზეუმ-ნაკრძალებში უფასოდ შესვლა შეუძლიათ იძულებით გადაადგილებულ პირებს, ომის ვეტერანებს, მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს და სოციალურად დაუცველი პირის სტატუსის მატარებელ საქართველოს მოქალაქეებს. საფასურის გადახდა არ შეეხებათ ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს და მათ თანმხლებ მოქალაქეებს, ICOM ბარათის მფლობელებს (პიროვნების საიდენტიფიკაციო სხვა დოკუმენტთან ერთად), „ემეგობრე მემკვიდრეობა“-ს წევრებს.
კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, მომსახურების ტარიფების ცვლილებით მიღებული შემოსავლები უპირატესად მუზეუმებისა და მუზეუმ-ნაკრძალების ინფრასტრუქტურულ მოწყობას მოემსახურება და მათი შემეცნებითი და გასართობი ელემენტებით აღჭურვისკენ მიმართება, ასევე, გაზრდილი შემოსავლები სააგენტოს დაბალანაზღაურებადი თანამშრომლების სახელფასო განაკვეთების გაზრდაზეც იმოქმედებს.