კულტურის სამინისტროს შენობის რეაბილიტაციისას აღმოჩენილი ძველი აკლდამებიდან ნეშტები სომხურ პანთეონში გადაასვენეს
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ტერიტორიაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს სამინისტროს ავტოფარეხის ქვეშ აღმოჩენილი ძველი აკლდამებიდან ნეშტები ხოჯევანქის სომეხ მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა სახელმწიფო პანთეონში გადაასვენეს.
პროცესს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ელჩი აშოტ სმბატიანი, საქართველოში სომხური სათვისტომოს ხელმძღვანელი ვან ბაიბურთი და სომხეთის სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიის წინამძღოლი, არქიმანდრიტი კირაკოს დავთიანი ესწრებოდნენ.
კულტურის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, სამინისტროს ტერიტორიაზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს თავდაპირველად ორი აკლდამა აღმოაჩინეს, რის შემდეგ სამინისტრომ დაუყოვნებლივ შეაჩერა სამუშაო პროცესი და ადგილზე მოიწვია კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს არქეოლოგები.
„აღმოჩენის შესახებ შეტყობინება გაეგზავნა სომხურ სათვისტომოსა და ვან ბაიბურთს, რადგან ცნობილია, რომ წარსულში ამ ტერიტორიაზე იყო სომხური ეკლესია და რომ საბჭოთა პერიოდში ეკლესიის მიმდებარედ არსებული სომხური სასაფლაო იქნა გაუქმებული.
არქეოლოგებმა სამინისტროს შიდა ეზოს სხვა მონაკვეთებიც დაამუშავეს და აღმოაჩინეს ხუთი ნეშტი. მათგან ორი იდენტიფიცირებულია საფლავის ქვებზე შემორჩენილი წარწერების წყალობით. როგორც ეპიტაფიით ირკვევა, ერთი საფლავი სომხური ტაძრის მღვდლის, ოჰანეზ ტერ პოღოსიანისაა, მეორე კი – მისი მეუღლის“, – აღნიშნულია კულტურის სამინისტროს ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, სამინისტროს, საქართველოში სომხური სათვისტომოსა და სომხეთის სამოციქულო ეკლესიის საქართველოს ეპარქიის წინამძღოლის, არქიმანდრიტ კირაკოს დავთიანის შეთანხმების საფუძველზე, ყველა ნეშტი სომხურ პანთეონში გადაასვენეს.