კულტურის სამინისტრო ვენეციის ბიენალეში მონაწილეობის მსურველ კონკურსანტთა ე.წ. მოკლე სიას აქვეყნებს
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროში მიმდინარეობს 2022 წელს თანამედროვე ხელოვნების ვენეციის ბიენალეს ფარგლებში საქართველოს ეროვნულ პავილიონში წარსადგენი საგამოფენო პროექტის შერჩევა საკონკურსო კომისიის მიერ. კონკურსში მონაწილეობას იღებს 15 პროექტი.
კონკურსის მონაწილეთა, პროფესიული წრეებისა და საზოგადოების მაღალი ინტერესის გათვალისწინებით, კულტურის სამინისტრო კონკურსანტთა ე.წ. მოკლე სიას აქვეყნებს, რომელიც საკონკურსო კომისიის ექვსი წევრის ინდივიდუალური შეფასებების შეჯერების შედეგად გამოვლინდა.
„მოკლე სიაში პროექტები ანბანური რიგითობით არის წარმოდგენილი და სიაში ესა თუ ის რიგითი ნომერი არ ასახავს რომელიმე პროექტის უპირატესობას სხვა პროექტებთან მიმართებაში. საბოლოო გამარჯვებული მოკლე სიაში მოხვედრილი პროექტებიდან მიმდინარე წლის 18 დეკემბრამდე პერიოდში უნდა შეირჩეს. ეს პროექტებია:
1. „აბიოგენეზი“ – პროექტის წარმდგენი, ავტორი და მხატვარი კონსტანტინე მინდაძე; კურატორები – ჯერემი გეილსი, ნინო მაჭარაშვილი.
2. „ვიდინოთ!“- პროექტის წარმდგენი ფ/პ სოფიო მედოიძე; კურატორები – ნინა ახვლედიანი, ინგა ლაჩე.
3. „მე ვწუხვარ ბაღზე“ – პროექტის წარმდგენი ა(ა)იპ „მდგომარეობებს შორის”; პროექტის ავტორები – მარიამ ნატროშვილი, დავით (დეთუ) ჯინჭარაძე.
4. Nostos – პროექტის წარმდგენი და ავტორი, მხატვარი ფ/პ თინათინ მეგრელიშვილი.
5. „როდესაც ყველა ხე გახმება, გია დარგავს ნერგს, რომელიც იყვავილებს“ – პროექტის წარმდგენი შპს ფროჯექტ ართბით; კურატორი – თომას დელამარი; მხატვარი – ნიკა ქუთათელაძე.
6. Triptichos – პროექტის წარმდგენი დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა; კურატორები – ბაშაქ შენოვა, ლელა წიწუაშვლი; მხატვარი – ლევან სონღულაშვილი“, – აღნიშნულია კულტურის სმაინისტროს ინფორმაციაში.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ თანამედროვე ხელოვნების ვენეციის 59-ე საერთაშორისო ბიენალეზე საქართველოს ეროვნულ პავილიონში წარსადგენი საგამოფენო პროექტის შესარჩევი კონკურსი 5 ოქტომბერს გამოაცხადა. ვენეციის საერთაშორისო გამოფენა 2022 წლის 23 აპრილს გაიხსნება და 2022 წლის 27 ნოემბრამდე გასტანს. 59-ე ბიენალეს კურატორია სესილია ალემანი, საერთაშორისო გამოფენის თემა და სახელწოდებაა: „რძე სიზმრებისა“. საქართველოს ეროვნული პავილიონის მოწყობის მიზნით, კულტურის სამინისტროს მიერ შერჩეულია საგამოფენო სივრცე ვენეციაში, კუნძულ ჯუდეკაზე (132 კვ.მ., მისამართი: Fondamenta S. Biagio, 800/o, 30133 Venezia VE, Italy), რომელიც 2022 წლის 13 აპრილიდან პირველ დეკემბრამდე იქნება საქართველოს განკარგულებაში. ამასთან, წელს პირველად, კულტურის სამინისტრომ გადაწყვიტა, რომ ვენეციის 59-ე ბიენალეს მიმდინარეობის პირველ თვის განმავლობაში, საქართველოს ეროვნული პავილიონის ფარგლებში იმუშავებს სახელოვნებო რეზიდენცია ახალგაზრდებისათვის. რეზიდენციაში მონაწილეობას მიიღებენ 30 წლამდე ხელოვანები და ხელოვნებათმცოდნეები საქართველოდან. რეზიდენციის ხანგრძლივობა იქნება ერთი თვე და მისი მონაწილეები შეირჩევიან კონკურის გზით, რომელიც გამოცხადდება 2022 წლის იანვარში.