კულტურის სამინისტრო ქართული მხატვრული მინისერიალების შესაქმნელად კონკურსს აცხადებს
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, სსიპ საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნულ ცენტრთან ერთად, მრავალსერიიანი მხატვრული ფილმის სცენარის შექმნის მიზნით, კონკურსს აცხადებს.
კონკურსის პირობებსა და ვადებზე საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა და მისმა პირველმა მოადგილემ, კინოცენტრის ხელმძღვანელმა, კახა სიხარულიძემ, დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრეს.
როგორც თეა წულუკიანმა აღნიშნა, კონკურსი პროცედურის პირველი ეტაპია, რომელიც დღეს გამოცხადდა და სცენარის შექმნას, განვითარებას ისახავს მიზნად. მინისტრის ინფორმაციით, მეორე ეტაპი გულისხმობს პირველი ეტაპის შედეგად შექმნილი სცენარების მიხედვით კინოწარმოების დაფინანსებას 2023 წლის დასაწყისიდან.
„საკონკურსო პირობების მიხედვით, მინისერიალის თემატიკა უნდა ეხებოდეს: საქართველოს უახლეს ისტორიას (XX-XXI საუკუნე), ქართული სპორტის ისტორიას ან ქართული ლიტერატურული ნაწარმოების ეკრანიზაციას.
საკონკურსო პირობების თანახმად, კონკურსი ცხადდება სულ მცირე სამ და მაქსიმუმ ხუთსერიიანი ფილმისთვის. თითოეული ეპიზოდის (სერიის) ხანგრძლივობა დაახლოებით 45-60 წუთი უნდა იყოს. საუკეთესო სცენარის შესაქმნელად გამოიყოფა მაქსიმუმ 50 000 ლარი. ერთი ეპიზოდის (სერიის) ბიუჯეტი მაქსიმუმ 10 000 ლარია. უშუალოდ მინისერიალის წარმოებისათვის კი, 2023 წელს, დაფინანსების სახით გამოყოფილი იქნება სულ მცირე 500 000 და მაქსიმუმ 1 000 000 ლარი.
კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს პროდიუსერს, რომელიც არის ინდივიდუალური მეწარმე ან იურიდიული პირი. წარმოების დაფინანსების მიზნით, 2023 წელს აუცილებელი იქნება, რომ პროექტში მონაწილეებმა, სხვა დოკუმენტაციასთან ერთად, წარმოადგინონ ტელევიზიისაგან ან დისტრიბუტორისაგან (კინოდარბაზი, ციფრული პლატფორმა) ფინანსური თანამონაწილეობის ან/და თანამშრომლობის დასტური.
საკონკურსო განაცხადები მიიღება 2022 წლის 26 სექტემბრიდან 2022 წლის 21 ოქტომბრის 17:00 საათამდე. საკონკურსო დოკუმენტაცია (პროექტები) მიიღება ელექტრონული სააპლიკაციო პროგრამის „სინემატოგრაფი მენეჯმენტ სისტემის“ (Cinamatography Management System – CMS) საშუალებით, რომელიც ხელმისაწვდომია ეროვნული კინოცენტრის ოფიციალურ ვებგვერდზე: www. gnfc.ge სადაც ასევე განთავსებულია ვიდეოგზამკვლევი https://www.youtube.com/watch?v=Z33mYHxMudQ).
ეროვნული კინოცენტრი დასაფინანსებელი პროექტების რაოდენობის შესახებ გადაწყვეტილებას შესაბამისი კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე მიიღებს. სასურველია, კონკურსანტებმა წინასწარი შეთანხმებით გაიარონ კონსულტაცია ეროვნულ კინოცენტრში“, – აცხადებენ კულტურის სამინისტროში.