კულტურის სამინისტრო - კონკურსს „ლიტერა“ ატარებს მწერალთა სახლი, კულტურის სამინისტრო კონკურსში არ ერევა
კონკურსს „ლიტერა“ სრულად აორგანიზებს და ატარებს მწერალთა სახლი, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო კონკურსში არ ერევა, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს კულტურის სამინისტროში განუცხადეს.
მათივე ინფორმაციით, კულტურის სამინისტროს კონკურსთან მხოლოდ ის შეხება აქვს, რომ ხუთკაციან საკონკურსო კომისიაში ერთი არის სამინისტროს წარმომადგენელი.
„კონკურსს „ლიტერა“ სრულად აორგანიზებს და ატარებს მწერალთა სახლი. კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო კონკურსში არანაირად არ ერევა და ამ კონკურსთან მხოლოდ ის შეხება აქვს, რომ ხუთკაციან საკონკურსო კომისიაში ერთი არის სამინისტროს წარმომადგენელი. სხვა წარმომადგენლებს დამოუკიდებლად ასახელებს მწერალთა სახლი. გარდა ამისა, სამინისტროს მიერ მწერალთა სახლისთვის სრულად გადარიცხულია 50 000 ლარი, რაც კონკურსის ჩასატარებელი თანხაა და ამ თანხას მწერალთა სახლი ასევე დამოუკიდებლად განკარგავს“, – აცხადებენ სამინისტროში.
ამასთან, ლიტერატურული პრემია „ლიტერას“ ნომინაციებში წარდგენილმა რამდენიმე კონკურსანტმა საკუთარი ნაწარმოები კონკურსიდან მოხსნა. გაკეთებულ განცხადებებში მწერლებმა მიზეზად კულტურის სამინისტროს მიერ ჟიურის ერთი წევრის დანიშვნა დაასახელეს, რაც მათივე განცხადებით, „ლიტერას“ არსებობის ისტორიაში პირველი შემთხვევაა.
წელს პირველად ლიტერატურული პრემია „ლიტერას“ ჟიურის ხუთი წევრიდან ოთხი წევრი მწერალთა სახლმა შეარჩია, ხოლო მეხუთე – საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრის N00007864 ბრძანებით („საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ კულტურის სფეროში განსახორციელებელი ღონისძიებების/პროექტების ხელშეწყობის პირობების და დაფინანსების წესის შესახებ“ – დანართის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად), წარადგინა საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ.
კულტურის სამინისტროს მიერ ჟიურის წევრად დანიშნულია პუბლიცისტი იოსებ ჭუმბურიძე, რომელიც ამ სამინისტროს თანამშრომელია.
მწერალთა სახლის პრემიების ახალი დებულების თანახმად, წელს პირველად ასევე საჯარო გახდა ჟიურის წევრთა ვინაობა. წლევანდელი ლიტერატურული პრემია „ლიტერას“ ჟიურის შემადგენლობაში არიან: ბელა წიფურია – ლიტერატურათმცოდნე; რეზო თაბუკაშვილი – მწერალი; ლელა კოდალაშვილი – მწერალი, კრიტიკოსი; ოქტაი ქაზუმოვი – ლიტერატურათმცოდნე, მთარგმნელი; იოსებ ჭუმბურიძე – პუბლიცისტი.
ლიტერატურული პრემია „ლიტერა“ 2015 წელს დაარსდა და სხვადასხვა ნომინაციაში ყოველწლიურად გაიცემა.