კულტურის სამინისტრო - გურამ დოჩანაშვილის გარდაცვალება უდიდესი დანაკლისია ქართული კულტურისთვის
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო გურამ დოჩანაშვილის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს.
„თანამედროვეობის ერთ-ერთმა უდიდესმა შემოქმედმა, კლასიკოსმა გურამ დოჩანაშვილმა მთელი ცხოვრება ლიტერატურას მიუძღვნა და სიკეთეზე, კაცთმოყვარეობაზე, თავისუფლებისკენ სწრაფვასა და სამშობლოს სიყვარულის თემაზე არაერთი რომანი და მოთხრობა შექმნა. მისი შემოქმედება არა მარტო ქართული მწერლობის, არამედ მსოფლიო ლიტერატურის საგანძურად იქცა. მწერლის მოთხრობები და რომანები თარგმნილია მრავალ ენაზე, მისი ნაწარმოებები არაერთ კინოფილმსა და ტელესპექტაკლს დაედო საფუძვლად.
ყველასათვის საყვარელი მწერლის ნაწარმოებებზე მრავალი თაობა აღიზარდა. მან უნიკალური შემოქმედება დატოვა და გაამდიდრა ქართული კულტურა.
გურამ დოჩანაშვილის გარდაცვალება უდიდესი დანაკლისია ქართული კულტურისთვის.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო მწერალ გურამ დოჩანაშვილის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს და უსამძიმრებს მის ოჯახს, ახლობლებსა და სრულიად საქართველოს“, – აღნიშნულია სამძიმრის წერილში.
თანამედროვე ქართველი კლასიკოსი, მწერალი გურამ დოჩანაშვილი 82 წლის ასაკში გარდაიცვალა.