კულტურის სამინისტრო ელენე ახვლედიანის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაციას იწყებს
18 მაისი მუზეუმების საერთაშორისო დღეა. ამ თარიღის აღნიშვნის მიზნით, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი ელენე ახვლედიანის სახლ-მუზეუმს ესტუმრა და მუზეუმის თანამშრომლებს კულტურის სამინისტროს გეგმა გაუზიარა. კერძოდ, კულტურის სამინისტროს ინიციატივით, ელენე ახვლედიანის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია წელსვე დაიწყება.
კულტურის სამინისტროს ინფორმაციით, ელენე ახვლედიანის სახლ-მუზეუმს რემონტი ბოლოს 2002 წელს ჩაუტარდა.
„მიმდინარე წლის 30 აპრილს, საცხოვრებელი შენობის სახურავს, რომლის მეორე სართულზეც ელენე ახვლედიანის სახლ-მუზეუმი მდებარეობს, გაუჩნდა ხანძარი. ხანძრის შედეგების ლიკვიდაციასა და სახურავის აღდგენაზე ამჟამად მუშაობს თბილისის მუნიციპალიტეტის მერია. რაც შეეხება საკუთრივ სახლ-მუზეუმსა და სივრცეს, სადაც ცნობილი ქართველი მხატვარი ელენე ახვლედიანი ცხოვრობდა და მოღვაწეობდა, რეაბილიტაცია კულტურის სამინისტროს მიერ ავთენტურობის სრული დაცვით ჩაუტარდება. სამინისტროს ამ ინიციატივის განხორციელების მიზნით, სახლ-მუზეუმში ექსპონატების აღწერა, შეფუთვა და სამუზეუმო სივრციდან დროებით ფონდებში გადატანის პროცესი უკვე მიმდინარეობს. ადგილზე დარჩება და სარემონტო სამუშაოების ვადით სათანადოდ შეიფუთება მხატვრის კუთვნილი როიალი და მძიმე ავეჯი.
ელენე ახვლედიანის სახლ-მუზეუმი 1976 წლის 18 აპრილს გაიხსნა. მუზეუმში დაცულია 3 000-ზე მეტი ექსპონატი, მათ შორის: მხატვრის ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრები, თეატრალური ესკიზები, კოსტიუმები, წიგნის ილუსტრაციები, ფოტომასალა, პირადი არქივი და გამოყენებითი ხელოვნების კოლექცია, რომელსაც ცნობილი ხელოვანი სიცოცხლის მანძილზე აგროვებდა. ელენე ახვლედიანის სახელოსნოში ხშირად ეწყობოდა თემატური თუ პერსონალური გამოფენები და საღამოები ცნობილ მუსიკოსთა, მსახიობთა, პოეტთა და მხატვართა მონაწილეობით.
აღსანიშნავია, რომ კულტურის სამინისტრო მეორე წელია მუზეუმების საერთაშორისო დღეს მნიშვნელოვანი სიახლეებით ხვდება. 2021 წლის 18 მაისს თეა წულუკიანმა მუზეუმების საერთაშორისო დღეს მხატვრებს დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეიდან მიმართა და აცნობა, რომ მათი მრავალწლიანი თხოვნა დაკმაყოფილდა, ე.წ. ცისფერი გალერეა მხატვრებს დაუბრუნდა და იქ გამოფენების მოწყობის საშუალება კვლავ მიეცემოდათ. მოცემული ინიციატივის ფარგლებში, მხოლოდ შარშანდელი წლის მაისიდან დეკემბრის ჩათვლით, ეროვნულ გალერეაში 12 სხვადასხვა გამოფენა მოეწყო, ხოლო 2022-2023 წლების გრაფიკი კონკურსის წესით შერჩეული პროექტებით უკვე დაკომპლექტდა, რაც ეროვნულ გალერეაში 25 გამოფენის მასპინძლობას გულისხმობს“, – აღნიშნულია კულტურის სამინისტროს ინფორმაციაში.