კულტურის სამინისტრო აკაკი შანიძის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაციის პროექტზე მუშაობას იწყებს
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ინიციატივით, სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ნოღაში მდებარე მძიმე მდგომარეობაში მყოფი აკაკი შანიძის სახლ-მუზეუმის შენობის რეაბილიტაციისა და ტერიტორიის კეთილმოწყობის მიზნით, პროექტი მომზადდება.
შესაბამისი ტენდერი სსიპ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ უკვე გამოაცხადა. რეაბილიტაციისა და ტერიტორიის კეთილმოწყობის საპროექტო დოკუმენტაციის მომზადებისთვის გამოყოფილი ბიუჯეტი 29 661 ლარს შეადგენს.
საპროექტო დოკუმენტაციაზე მუშაობის დასრულების შემდეგ, შენობას სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება და მოწესრიგდება ეზოს ტერიტორია.
შენობა წარმოადგენს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლს და ის სამტრედიის მუნიციპალიტეტის ბალანსზეა. ძეგლის რესტავრაციისას მაქსიმალურად შენარჩუნდება და აღდგება მისი იერსახე. დეტალურად დაფიქსირდება, აიზომება და ფოტო-მასალაზე აისახება ყველა არქიტექტურული ელემენტი შენობის ექსტერიერსა თუ ინტერიერში. გატარდება ძეგლის და მისი გარემოს არსებული არასახარბიელო მდგომარეობის გამოსწორებისთვის აუცილებელი ყველა ღონისძიება.
ინფორმაციისთვის, ქართველი ფილოლოგისა და ენათმეცნიერის აკაკი შანიძის სახლ-მუზეუმი მეცნიერის 100 წლის იუბილესთან დაკავშირებით, 1987 წელს გაიხსნა და სავარაუდოდ, ამავე პერიოდში უნდა იყოს აშენებული. დღეის მდგომარეობით, შენობა დაზიანებულია. სამუზეუმო ნივთები დროებით გატანილია შენობიდან. როგორც ექსტერიერში, ასევე ინტერიერში ამორტიზებულია ხის ელემენტები, დაზიანებულია აივნის ბაქანი, რიკულები და შესასვლელი კიბე, კოროზიულია კედლები, იატაკი, ასევე დაზიანებულია მონოლითური სვეტები.
ინფორმაციას კულტურის სამინისტროს პრესსამსახური ავრცელებს.