კუბის საგარეო საქმეთა მინისტრი – კუბის მიმართ აშშ-ის გენოციდური ბლოკადის ფონზე აშშ-თან მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს

00:41, 08.09.2026

კუბის საგარეო საქმეთა მინისტრი ბრუნო როდრიგესი აცხადებს, რომ ქვეყნის მიმართ აშშ-ის „გენოციდური“ ბლოკადის ფონზე შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებები არ მიმდინარეობს.

მისივე თქმით, შტატების ბლოკადის მიუხედავად, რომელმაც ქვეყანას წელს რვა მილიარდ დოლარზე მეტი ეკონომიკური ზარალი მიაყენა, ვაშინგტონთან მოლაპარაკებები არც მომავალშია დაგეგმილი.

როდრიგესმა ასევე აღნიშნა, რომ კუბის ეკონომიკაზე ფინანსური დარტყმა 2026 წლის პირველ თვეებში მას შემდეგ გაიზარდა, რაც ტრამპის ადმინისტრაციამ კუნძულზე ნავთობის ბლოკადა დააწესა. მისივე თქმით, ვაშინგტონის ამ ნაბიჯმა კუბაში თითქმის მთლიანად შეამცირა წარმოება და ელექტროენერგიის გათიშვა მთელი ქვეყნის მასშტაბით გამოიწვია.

„არ ყოფილა მოლაპარაკებები და ამ დროისთვის არც რამე დღის წესრიგი ან გზამკვლევი არსებობს. შემიძლია ვთქვა, რომ ჩვენ კვლავ მზად ვართ, გავაგრძელოთ ეს კონტაქტები პროგრესის არარსებობის მიუხედავად.  2025 წლის პირველი მარტიდან 2026 წლის 28 თებერვლამდე ბლოკადის შედეგად მიყენებული ზარალი 8,083 მილიონ დოლარად არის შეფასებული. ეს რეკორდული მაჩვენებელია, რომელიც გასული წლის რეკორდს აღემატება. ამ პერიოდში ბლოკადის შედეგად მიყენებული ზარალი შვიდი პროცენტით გაიზარდა ერთი წლის წინ დაფიქსირებულ რეკორდულ დონესთან შედარებით“, – განუცხადა კუბის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჟურნალისტებს ჰავანაში გამართულ პრესკონფერენციაზე.

ცნობისთვის, დონალდ ტრამპმა არაერთხელ განაცხადა, რომ კუბის კომუნისტური მთავრობა აშშ-ის ეროვნულ უსაფრთხოებას საფრთხეს უქმნის. მისივე თქმით, კუნძულის ბლოკადა და სანქციების გაძლიერება აუცილებელია კუბის კომუნისტური მთავრობის შესაცვლელად.

მსგავსი