კრწანისის ქუჩაზე დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, პირველი სექტემბრიდან ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება
კრწანისის ქუჩაზე დაგეგმილ სარეაბილიტაციო სამუშაოებთან დაკავშირებით, პირველი სექტემბრიდან სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება დროებით, ეტაპობრივად შეიზღუდება.
დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, პირველ ეტაპზე, სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილება შეიზღუდება კრწანისის ქუჩიდან ვახტანგ გორგასლის ქუჩის მიმართულებით.
„კრწანისის ქუჩაზე ვახტანგ გორგასლის ქუჩიდან „ნიუ ჰოსპიტალსის“ კლინიკამდე, გადაადგილება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ცალმხრივად – ვახტანგ გორგასლის ქუჩიდან „ნიუ ჰოსპიტალსის“ მიმართულებით. რაც შეეხება კრწანისის ქუჩიდან ვახტანგ გორგასლის ქუჩის მიმართულებით გადაადგილებას, სატრანსპორტო საშუალებები წინანაურის, ორთაჭალის, მელქაძისა და კალანდაძის ქუჩების გამოყენებით იმოძრავებენ, ხოლო კალანდაძის ქუჩიდან გადაადგილებას ვახტანგ გორგასლის ქუჩაზე შეძლებენ, როგორც კრწანისის, ასევე, გულუას მოედნის მიმართულებით.
სარეაბილიტაციო სამუშაოების განმავლობაში, N331 ავტობუსის მარშრუტი შეიცვლება. კერძოდ, კრწანისის ქუჩის და კრწანისის II შესახვევის მოსახლეობას N331 მოემსახურება წრიული მარშრუტით: ავტობუსი ვახტანგ გორგასლის ქუჩიდან იმოძრავებს კრწანისის ქუჩაზე, ამავე ქუჩის N63-თან მოხვევით, სვლას კრწანისის II შესახვევის მიმართულებით განაგრძობს, რის შემდეგაც, გრიგოლ ვოლსკის ქუჩის კვეთიდან ორთაჭალის ქუჩით, ვახტანგ გორგასლის ქუჩას დაუკავშირდება. N331 ავტობუსი გულიას მოედანზე დატრიალდება და შემდეგ დადგენილი სქემით იმოძრავებს“, – აცხადებენ მერიაში.