კრუშელნიცკის დოპინგი დაუმტკიცდა, რუსები მასშტაბურ გამოძიებას იწყებენ
რუსი ქერლინგისტის ალექსანდრ კრუშელნიცკის განმეორებით დოპინგ-სინჯში აღმოჩენილია მელდონიუმის კვალი – ამას რუსეთის ოლიმპიური კომიტეტი ადასტურებს.
პიონჩანგში რუსეთის დელეგაციის წევრები ჯერჯერობით ვერაფრით ხსნიან, როგორ შეიძლებოდა მოხვედრილიყო აკრძალული პრეპარატი კრუშელნიცკის ორგანიზმში.
„გუშინ, 19 თებერვალს, წინასწარ დადგენილი პროცედურის თანახმად, გაიხსნა ალექსანდრ კრუშელნიცკის “B” სინჯი. მან დადებითი შედეგი აჩვენა, რითაც დადასტურდა მის ორგანიზმში აკრძალული პრეპარატის არსებობა.
ჩვენ მწუხარებას გამოვხატავთ ამ ინციდენტის გამო. ამასთან ერთად, მომხდარის გარემოებები არ იძლევა პასუხებს კითხვებზე, როგორ და როდის შეიძლებოდა მოხვედრილიყო სპორტსმენის ორგანიზმში მელდონიუმი.
საყოველთაოდ არის ცნობილი, რომ მელდონიუმის გამოყენებას ეფექტი აქვს მხოლოდ რეგულარული მიღების დროს, ხოლო მეტაბოლიტები ადამიანის ორგანიზმში ფიქსირდება პრეპარატის მიღების დასრულების მომენტიდან დაახლოებით 9 თვის განმავლობაში.
სინჯში მელდონიუმის კონცენტრაცია ლაპარაკობს იმაზე, რომ პრეპარატი ერთჯერადად იყო გამოყენებული, რაც აბსოლუტური უაზრობაა ადამიანის ორგანიზმზე თერაპიული შედეგების მიღწევის თვალსაზრისით.
სინჯი, რომელიც ალექსანდრ კრუშელნიცკის 22 იანვარს, ოლიმპიადამდე ჩამოართვეს, უარყოფითი იყო. ასე რომ, აკრძალული პრეპარატის შეგნებული ან სისტემური მიღების ფაქტი არ დასტურდება.
ამასთან დაკავშირებით, რუსეთის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი მომხდარის გარემოებათა გამოძიებას იწყებს, რომელიც რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კანონმდებლობის ფარგლებში გაგრძელდება.
ჩვენ სრულად ვიზიარებთ და მხარს ვუჭერთ საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისა და მსოფლიოს ანტისადოპინგო სააგენტოს პოზიციას – დოპინგის მიმართ ნულოვანი ტოლერანტობის პრინციპის გამოყენებასთან დაკავშირებით და ყველა ღონეს ვხმარობთ იმისთვის, რომ დამნაშავეები მაქსიმალურად მკაცრად დაისაჯონ. სწორედ ამიტომაც, რუსული მხარე დაინტერესებულია გამოძიების ჩატარებით და მომხდარის რეალური მიზეზების დადგენით”, – წერია განცხადებაში.
ნახსენები გამოძიების ფარგლებში, რუსებმა მოითხოვეს ყველა ვიდეოკამერის ჩანაწერი ოლიმპიური სოფლიდან. მათ მიაჩნიათ, რომ კრუშელნიცკი საბოტაჟის მსხვერპლი გახდა.
ოლიმპიადის რეპორტაჟების ხილვა შეგიძლიათ შემდეგ ბმულებზე პირველი არხი / მეორე არხი (მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე)
ყველაფერი ოლიმპიადის შესახებ იხილეთ ბმულზე