კრიტიკული შეუსაბამობების გამო, ოზურგეთში საბავშვო ბაღების მომმარაგებელ კომპანიას საწარმოო პროცესი შეუჩერდა
სურსათის ეროვნული სააგენტოს გურიის რეგიონულმა სამმართველომ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის ცენტრიდან მიღებული შეტყობინების საფუძველზე, საბავშვო ბაღების მომმარაგებელ კომპანიაში არაგეგმური ინსპექტირება განახორციელა.
სააგენტოს ინფორმაციით, მომმარაგებელი კომპანიის, შპს „სოფოს“ შემოწმებისას გამოვლინდა კრიტიკული შეუსაბამობები, კერძოდ, სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმებისა და ტემპერატურული რეჟიმის დარღვევა, კონდენსატის არსებობა მაცივარში და კოროზირებული მილი, ხორცის ორგანოლეპტიკური მახასიათებლების დარღვევა – შეცვლილი ფერი და კონსისტენცია, რის გამოც ბიზნესოპერატორს საწარმოო პროცესი შეუჩერდა და დაჯარიმდა.
ბაღების მომმარაგებელ კომპანიაში დაილუქა 164 კგ-მდე საქონლის ხორცი და 207 კგ ქათმის ფილე, რომელიც სააგენტოს ინსპექტორების ზედამხედველობით განადგურდება.
კომპანიის საწარმოო პროცესი კრიტიკული შეუსაბამობების აღმოფხვრის შემდეგ განახლდება.