კრიტიკული შეუსაბამობების გამო, კვების 13 ობიექტს საწარმოო პროცესი შეუჩერეს
სურსათის ეროვნული სააგენტოს თბილისის საქალაქო სამსახურის წარმომადგენლებმა სახელმწიფო კონტროლის ფარგლებში განახლებულ აღმაშენებელსა და ბელიაშვილის ქუჩაზე არსებული საზოგადოებრივი კვების 57 ობიექტი შეამოწმეს.
ინსპექტირების შედეგად გამოვლინდა სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმებისა და ეტიკეტირების წესის დარღვევა, ვადაგასული სურსათის რეალიზაციის ფაქტები, საქმიანობა ბიზნესოპერატორად რეგისტრაციის გარეშე, რის გამოც ბიზნესოპერატორები დაჯარიმდნენ.
დაჯარიმებულ ობიექტებს შორისაა რამდენიმე ცნობილი რესტორანი, მათ შორის „წისქვილი“, რომელსაც ეტიკეტირების წესის დარღვევის გამო 400 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. ასევე რესტორანი „კრუიზი“, სადაც სააგენტოს წარმომადგენლებმა ვადაგასული სურსათი აღმოაჩინეს და 200 ლარიანი ჯარიმა დააკისრეს. ეტიკეტირების წესის დარღვევის გამო 400 ლარით დაჯარიმდა რესტორანი „თაშრე“. რეგისტრაციის გარეშე საქმიანობისთვის 100 ლარით დაჯარიმდა რესტორანი „მუხამბაზი“. არც ერთ მათგანში კრიტიკული შეუსაბამობა სეს-ის წარმომადგენლებს არ აღმოუჩენიათ.
გარდა ამისა, კრიტიკული შეუსაბამობები აღმოჩნდა 13 ობიექტში, რომელთაც საჯარიმო სანქციის გარდა, შეუჩერდათ საწარმოო პროცესი სააგენტოს წარმომადგენლების მიერ გაცემული მითითებების გამოსწორებამდე.
უწყების ინფორმაციით, გააქტიურებული კონტროლისა და სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გაცემული რეკომენდაციების შედეგად, დარღვევების რაოდენობა წინა წლებთან შედარებით შემცირებულია.