კრისტიან ურსე - განვიხილავთ, როგორ შეიძლება გამოადგეს ევროპის ქვეყნების გამოცდილება საქართველოს რეგულაციების ჩამოყალიბებაში
საერთაშორისო ფორუმი „გამოხატვის თავისუფლება და სამოსამართლო ეთიკა“ სასამართლო ხელისუფლებისა და მოსამართლეების მიერ სოციალური მედიის გამოყენებას ეძღვნება, – ამის შესახებ ფორუმის დაწყებისას ჟურნალისტებს საქართველოში ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელმა კრისტიან ურსემ განუცხადა.
მისი თქმით, ევროპის ქვეყნებში აღნიშნული საკითხი ბოლო წლების განმავლობაში აქტიურად განიხილება.
„ეს საკითხი არ არის შესწავლილი და მასზე არ არსებობს მზა პასუხები. ჩვენი ექსპერტები დღეს წარმოადგენენ რამდენიმე ქვეყნის გამოცდილებას. ესენია ჩეხეთის რეპუბლიკა და პორტუგალია, რომლებმაც გარკვეული რეგულაციები მიიღეს ამ სფეროში. შემდეგ განვიხილავთ როგორ შეიძლება, ეს რეკომენდაციები გამოადგეს საქართველოს საკუთარი რეგულაციების ჩამოყალიბებაში“, – აღნიშნა ურსემ.
საერთაშორისო ფორუმი თემაზე „გამოხატვის თავისუფლება და სამოსამართლო ეთიკა“ სასტუმრო „შერატონ მეტეხი პალასში“ იმართება. ფორუმის მიზანია ცნობიერების ამაღლება გამოხატვის თავისუფლებასა და სამოსამართლო ეთიკაზე. ასევე, დისკუსია მოსამართლის გამოხატვის თავისუფლებასა და თანამედროვე გამოწვევებს შორის ბალანსზე. ფორუმს სასამართლო ხელისუფლების, მთავრობის, საერთაშორისო ორგანიზაციების, სამოქალაქო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები ესწრებიან.