კრისტიან ტერეში ევროპარლამენტის მისიის შექმნაზე „ქართული ოცნების“ შეთავაზებას შესანიშნავ ინიციატივას უწოდებს
„ევრონესტის“ ვიცე-პრეზიდენტი, ევროპარლამენტარი კრისტიან ტერეში ევროპარლამენტის მისიის შექმნის შესახებ „ქართული ოცნების“ შეთავაზებას შესანიშნავ ინიციატივას უწოდებს.
მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩავიდეს საქართველოში და საკუთარი თვალით ნახოს, თუ რა ხდება იქ.
როგორც ევროპარლამენტარმა აღნიშნა, თავადაც შეუერთდებოდა აღნიშნულ მისიას.
„ეს არის ახალი შეთავაზება. ვფიქრობ, ეს შესანიშნავი ინიციატივაა, რადგან მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მეტი ადამიანი ჩავიდეს საქართველოში და საკუთარი თვალით ნახოს, თუ რა ხდება იქ. ერთ მხარეს ერთი პოზიცია აქვს, მეორე კი განსხვავებულია. ამიტომ, მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება მეტ დამოუკიდებელ დამკვირვებელს მიეცეს შანსი, ნახოს, თუ რა ხდება. ჯერჯერობით უცნობია, თუ ვინ შევა დელეგაციის შემადგენლობაში, თუმცა, თუ შესაძლებლობა იქნება, შევუერთდებოდი მას, რადგან ძალიან ცნობისმოყვარე ვარ. საქართველოში დეკემბერში ვიმყოფებოდი და ნამდვილად მომწონს თქვენი ქვეყანა. ამიტომ მაინტერესებს, საკუთარი თვალით ვიხილო, თუ რა ხდება სინამდვილეში ამ კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით. რაც შეეხება თავად საქმეს, ევროპარლამენტს არ აქვს უფლებამოსილება, ჩაიხედოს საქმის მასალებში, ეს საქართველოს სასამართლო სისტემის უფლებამოსილებაა, თუმცა თუ დელეგაცია ჩამოვა, შეისწავლის საკითხს ზოგადად და აღმოაჩენს რამე პრობლემატურს, შეშფოთებას გამოთქვამს, თუ არა – ამ ფაქტს აღნიშნავს“, – განაცხადა კრისტიან ტერეშმა.
გიგი უგულავას საქმის შემსწავლელი მისიის შექმნის ინიციატივით ევროპარლამენტს „ქართული ოცნების“ დელეგაციამ, კერძოდ, კახა კალაძემ მიმართა.
მოგვიანებით, „ევროპელი სოციალისტების პარტიამ“ განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ მხარს უჭერს ინიციატივას, რომ გიგი უგულავას საქმის შემდგომი გამოძიების მიზნით, საქართველოში გაიგზავნება ევროპარლამენტის მთავარი პოლიტიკური ჯგუფების წარმომადგენელ პარლამენტართაგან შემდგარი ფაქტების შემსწავლელი მისია.