კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2 - „მერანმა“ ქულები დაკარგა, „შევარდენი“ წაუგებელ სერიას აგრძელებს
კრისტალბეთ ეროვნულ ლიგა 2-ში მესამე წრის სადებიუტო მატჩები გაიმართა. გათამაშების ერთპიროვნულმა ლიდერმა, თბილისის „მერანმა“ გასვლაზე „გაგრას“ ვერაფერი მოუხერხა და უგოლო ფრეს დასჯერდა.
18-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს „შევარდენს“, რომელმაც ნიკოლოზ ჯიშკარიანის ერთადერთი გოლით „ცხინვალი“ დაამარცხა.
ბოლო წუთზე მოიგო „სამტრედიამ“ შინ, „ზუგდიდთან“. ერთადერთი გოლი გიორგი ივანიაძის ანგარიშზეა.
„თელავმა“ ლანჩხუთის „გურიას“ უმასპინძლა და ორი უპასუხო ბურთი გაუტანა. თავი იაროსლავ კვასოვმა და ალექსანდრე კოშკაძემ გამოიჩინეს. გელა სანაიას გუნდი კი ლიგაში ადგილის შენარჩუნებისთვის იბრძვის.
საშინაო მატჩი მოიგო ფოთის „კოლხეთმა“. მასპინძლებმა ქობულეთის „შუქურა“ ანგარიშით 2:1 დაამარცხეს. ფოთელთა მხრიდან გოლები ჭიაბერ ჭეჭელაშვილმა და თენგიზ ჩიკვილაძემ, ქობულეთელთა მხრიდან კი ომარ ბულუხაძემ გაიტანეს.
18 ტურის შემდეგ, გათამაშებას სათავეში 43 ქულით თბილისის „მერანი“ უდგას. მეორე ადგილზე „შევარდენია“ 38 ქულით, „სამტრედიას“ 35 ქულა აქვს, ხოლო „თელავს“ – 32. სავარაუდოდ, კრისტალბეთ ლიგა 1-ში გადასასვლელად ეს გუნდები იბრძოლებენ.
მეხუთე ადგილზეა ქობულეთის „შუქურა“. მას ფეხდაფეხ „ცხინვალი“ და „გაგრა“ მოჰყვებიან. აუტსაიდერთა ზონაში კი ფოთის „კოლხეთი“, ლანჩხუთის „გურია“ და „ზუგდიდი“ იმყოფებიან.
ფოტო: „შევარდენის პრესსამსახური“