შეხვედრა გადადებულია მსაჯთა გადაწყვეტილებით - „დინამო თბილისისა“ და „დილას“ მატჩი თოვლმა ჩაშალა [ვიდეო] #1TVSPORT

ეროვნული ლიგის მე-4 ტურის ცენტრალური შეხვედრა „დინამო არენაზე“ აღარ გაიმართა – ლიდერების მატჩი „დინამო თბილისისა“ და გორის „დილას“ შორის ამინდის გაუარესების გამო ვერ ჩატარდა.

„შეხვედრა გადადებულია – მსაჯთა გადაწყვეტილებით, გორის „დილასთან“ გასამართი მატჩი მეტეოროლოგიური პირობების გაუარესების გამო გადაიდო“, – წერია „დინამო თბილისის“ განაცხადში.

თამაშის დაწყებამდე მცირე ხნით ადრე „დინამო-არენაზე“ დიდი ნალექი წამოვიდა, მოედნის გადაწმენდა მცირე დროში შეუძლებელი აღმოჩნდა და შეხვედრა სხვა დროისთვის გაიმართება. ანალოგიური მიზეზით ეროვნულ ლიგაში 9 მარტს დაგეგმილი „თელავი“- „სამგურალის“ მატჩიც გადაიდო, ხოლო 13 მარტს – „ტორპედო“ – „ლოკომოტივი“.

შეგახსენებთ, რომ ეროვნულ ლიგა 2-ში, 13 და 14 მარტს გასამართი ოთხი შეხვედრაც დიდთოვლობის გამო გადაიდო – „შევარდენი 1906“ და ზუგდიდის „დინამო“, „ვიტ ჯორჯია“-„სპაერი“, „გარეჯი“ – „რუსთავი“ და თბილისის „მერანი“ – მარტვილის „მერანი“. ამ გუნდების მესამე ტურის გადადებული თამაშები 25 მარტს გაიმართება.