მადრიდის “რეალმა” ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის საპასუხო მატჩი 1:3 წააგო “იუვენტუსთან”, მაგრამ ორი მატჩის ჯამში 4:3 მოიგო და ნახევარფინალში გავიდა.
კრიშტიანუ რონალდუმ ისევ გაიტანა და მისი დომინირება ჩემპიონთა ლიგაზე გრძელდება.
პორტუგალიელის სტატისტიკა და მადრიდული მატჩის სხვა ციფრები:
* “რეალი” ზედიზედ მერვედ ითამაშებს ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში. მადრიდელებმა “ბარსელონას” რეკორდი (2008-13) ჯერ კიდევ გასულ სეზონში დაამხეს. ამ სერიისას, “რეალის” მწვრთნელები იყვნენ: ჟოზე მოურინიო, კარლო ანჩელოტი და ზინედინ ზიდანი.
* დაუჯერებელია, მაგრამ ამ სერიის დაწყებამდე, “რეალი” ზედიზედ ექვსჯერ გამოეთიშა ბრძოლას 1/8 ფინალში.
* კრიშტიანუ რონალდუმ ზედიზედ მე-11 მატჩში გაიტანა ჩემპიონთა ლიგაზე. პორტუგალიელის სარეკორდო სერია შარშანდელი ფინალიდან დაიწყო. ეს სერია 15 გოლს ითვლის.
* “იუვენტუსი” რონალდუს მთავარი მსხვერპლია ჩემპიონთა ლიგაზე: პორტუგალიელმა იტალიურ კლუბს ზედიზედ მეშვიდედ გაუტანა. ამ დროის განმავლობაში, ბუფონმა და შჩესნიმ 10 გოლი გაუშვეს.
* მადრიდში გატანილი პენალტის შემდეგ, რონალდუს ჩემპიონთა ლიგაზე 120 გოლი დაუგროვდა. ის 20 გოლით უსწრებს ლიონელ მესის. საინტერესოა, რომ კრიშტიანუ (120 გოლი 150 მატჩში) საშუალო შედეგიანობით დაეწია არგენტინელს (100 გოლი 125 მატჩში). ახლა, ეს მაჩვენებელი 0.80-ს შეადგენს.
* რონალდუმ 150-ე მატჩი ჩაატარა ჩემპიონთა ლიგაზე. 33 წლის პორტუგალიელი მესამე ფეხბურთელია, ვინც ამ ნიშნულამდე მივიდა. უფრო წინ არიან იკერ კასილიასი (167) და ჩავი (151).
* კრიშტიანუ რონალდუ პირველი ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე ერთ მეტოქეს 10 გოლი გაუტანა. მასვე ცხრა გოლი აქვს გატანილი “ბაიერნისთვის“. ასევე ცხრა გოლი გაუტანია ერთი მეტოქისთვის (“არსენალი”) ლიონელ მესის.