კრიშიანის კარინში - ყველაზე მნიშვნელოვანია, მსოფლიოში წარმოქმნილი კონფლიქტების მიუხედავად, ევროპა ფოკუსირდეს უკრაინაზე
კრიშიანის კარინში - ყველაზე მნიშვნელოვანია, მსოფლიოში წარმოქმნილი კონფლიქტების მიუხედავად, ევროპა ფოკუსირდეს უკრაინაზე

ყველაზე მნიშვნელოვანია, რომ, დღეს მსოფლიოში წარმოქმნილი კონფლიქტების მიუხედავად, ევროპა ფოკუსირდეს უკრაინაზე, – ამის შესახებ ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, კრიშიანის კარინშიმ განაცხადა.

ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, უკრაინას სჭირდება ევროკავშირის სამხედრო, ფინანსური და ჰუმანიტარული მხარდაჭერა.

„რუსეთმა გუშინ ისევ განახორციელა შეტევა სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე. უკრაინას სჭირდება ევროკავშირის სამხედრო, ფინანსური და ჰუმანიტარული მხარდაჭერა. უკრაინას უნდა დავეხმაროთ ევროკავშირსა და ნატო-ში გაწევრიანებაში. ისრაელში არსებული ვითარება და პალესტინის საკითხი შემაშფოთებელია. აქ მთავარია, სამ მიმართულებას გავუსვათ ხაზი. პირველი, სრული მხარდაჭერა ისრაელს, რომელსაც, როგორც სუვერენულ სახელმწიფოს, აქვს თავდაცვის უფლება და არამარტო უფლება, ისრაელის ვალდებულებაა თავდაცვა; მეორე, აუცილებელია „ჰამასის“ დაგმობა და მნიშვნელოვანია მოწოდება მძევლების უპირობო გათავისუფლებაზე; ასევე, ჩვენი გზავნილია ისრაელში მეგობრებისთვის, რომ, ტერორიზმის ამოძირკვის პარალელურად, გასათვალისწინებელია ჰუმანიტარული მდგომარეობა. ყველა პალესტინელი ტერორისტი არაა და ჩვენ უნდა ვებრძოლოთ ტერორიზმს. ევროპა მკაფიოდ უჭერს მხარს ისრაელს, მაგრამ ეს მხარდაჭერა არ მოდის წინააღმდეგობაში ჩვენს შეშფოთებასთან, რომელიც პალესტინელ მშვიდობიან მოსახლეობას უკავშირდება. პალესტინა „ჰამასი“ არაა, ყველა პალესტინელი „ჰამასი“ არაა. „ჰამასი“ მტერია. ისრაელი ჩვენი მეგობარია“, – განაცხადა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრმა.