კრემლში აცხადებენ, რომ ვლადიმერ პუტინი მზადაა ოლაფ შოლცთან სასაუბროდ
კრემლში აცხადებენ, რომ ვლადიმერ პუტინი მზადაა ოლაფ შოლცთან სასაუბროდ

კრემლში განაცხადეს, რომ რუსეთის ლიდერი ვლადიმერ პუტინი მზადაა, გერმანიის კანცლერთან, ოლაფ შოლცთან სასაუბროდ. ამის შესახებ რუსულ „ინტერფაქსთან“ კომენტარში პუტინის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

მისი თქმით, პუტინი „რჩება ღია კონტაქტებისთვის“. პესკოვმა ასევე აღნიშნა, რომ კრემლს არ მიუღია შეთავაზება ბერლინიდან სატელეფონო საუბართან დაკავშირებით.

„არანაირი შეთავაზება არ ყოფილა. ჩვენ არაერთხელ განვაცხადეთ, რომ პუტინი რჩება ღია კონტაქტებისთვის“, – თქვა პესკოვმა.

ცნობისთვის, გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ პუტინი არ არის მზად ოლაფ შოლცთან საუბრისთვის უკრაინაში ომის მშვიდობიანი მოგვარების შესახებ.

მანამდე, გერმანულმა მედიამ გაავრცელა ცნობა, რომ კანცლერი შოლცი განიხილავდა პუტინთან სატელეფონო საუბრის შესაძლებლობას ნოემბერში ბრაზილიაში დაგეგმილი „დიდი ოცეულის“ შეხვედრის წინ.

ამ პუბლიკაციის შემდეგ გერმანიის მთავრობის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ შოლცმა ადრე გამოთქვა სურვილი პუტინთან სატელეფონო საუბარი გაემართა, თუმცა ჯერჯერობით ასეთი საუბრის გეგმები არ არსებობს.

შოლცმა პუტინთან ბოლოს 2022 წლის ბოლოს ისაუბრა.