კრემლში აცხადებენ, რომ ურსულა ფონ დერ ლაიენის დაპირებები, შექმნას „ნამდვილი ევროპული თავდაცვის კავშირი“, ევროპაში მილიტარიზაციისა და დაპირისპირების განწყობაზე მიუთითებს
კრემლში აცხადებენ, რომ ურსულა ფონ დერ ლაიენის დაპირებები, შექმნას „ნამდვილი ევროპული თავდაცვის კავშირი“, ევროპაში მილიტარიზაციისა და დაპირისპირების განწყობაზე მიუთითებს.
კრემლის პრესსპიკერი დიმიტრი პესკოვი ამბობს, რომ ფონ დერ ლაიენის მიერ წარდგენილი დოკუმენტი ასახავს მის „ცვალებად პრიორიტეტებს“.
პესკოვის თქმით, ურსულა ფონ დერ ლაიენის წინადადებებმა ევროკავშირს „სამხედრო შეფერილობა“ მისცა.
დიმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ურსულა ფონ დერ ლაიენის წინადადება „ადასტურებს ევროპული სახელმწიფოების ზოგად დამოკიდებულებას მილიტარიზაციის, დაძაბულობის ესკალაციის, დაპირისპირებისა და მათ საგარეო პოლიტიკაში კონფრონტაციის მეთოდებზე დაყრდნობისადმი“.
პესკოვის განმარტებით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი არ წარმოადგენს საფრთხეს ევროკავშირისთვის, წევრი ქვეყნების ქმედებები უკრაინასთან დაკავშირებით „გამორიცხავს დიალოგისა და რუსეთის შეშფოთების განხილვის ნებისმიერ შესაძლებლობას“.
ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა დღეს განაცხადა, რომ ევროკავშირმა მეტი ინვესტიცია უნდა ჩადოს უსაფრთხოებასა და თავდაცვაში. მან აღნიშნა: „ჩვენ გვაქვს ვალდებულება, გავაკეთოთ ყველაფერი, რაც აუცილებელია ევროპელი მოქალაქეების დასაცავად. მჯერა, ახლა არის დრო, ავაშენოთ ნამდვილი ევროპული თავდაცვის კავშირი“.