კრემლში აცხადებენ, რომ კიევ-პეჩერის ლავრაში ჩხრეკა რუსულ მართლმადიდებლობასთან ომია
კრემლში აცხადებენ, რომ კიევ-პეჩერის ლავრაში ჩხრეკა რუსულ მართლმადიდებლობასთან ომია.
„უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის მიერ კიევ-პეჩერის ლავრის ტერიტორიაზე ჩატარებული ჩხრეკა და სხვა საგამოძიებო მოქმედებები უნდა განვიხილოთ ომის კონტექსტში, რომელსაც უკრაინა დიდი ხანია აწარმოებს რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიასთან,“ – განაცხადა რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა.
მისი თქმით, რეალურად, უკრაინული მხარე დიდი ხანია იბრძვის რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიასთან.
„მე ვიტყოდი, რომ ეს უნდა განიხილებოდეს, როგორც მორიგი რგოლი რუსეთის მართლმადიდებლობის წინააღმდეგ ამ სამხედრო მოქმედებების ჯაჭვში,” – თქვა პესკოვმა.
ცნობისთვის, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურში განმარტავენ, რომ კიევ-პეჩერის ლავრაში ჩხრეკა მიმართულია რუსული სპეცსამსახურების უკრაინაში საქმიანობის წინააღმდეგ, რათა არ დაუშვან ლავრების „რუსული სამყაროს“ თავმოყრის ადგილად გამოყენება.