კრატერი მარსზე, რომელიც გადაჭრილ ხეს მოგაგონებთ — ახალი ფოტო წითელი პლანეტიდან #1tvმეცნიერება
კრატერი მარსზე, რომელიც გადაჭრილ ხეს მოგაგონებთ — ახალი ფოტო წითელი პლანეტიდან #1tvმეცნიერება

თუ ზემოთ მოცემულ ფოტოზე კუნძი გეგონებათ, გეპატიებათ. თუმცა, ცოტა უკეთესად დააკვირდით და ყველაფერი აშკარა გახდება: რასაც ხედავთ, ხის გადანაჭერზე გაცილებით დიდია — ჩაზნექილი დეპრესია მარსის ზედაპირზე, რომელიც მასიური სხეულის დაცემით არის წარმოქმნილი.

კრატერის ცენტრიდან წამოსული რგოლები ხის რგოლები არ გახლავთ, მაგრამ როგორც ხის რგოლები ინახავს მის ისტორიას, ზუსტად ისე შეუძლია ამ კრატერის რგოლებსაც მარსის ისტორიის შესწავლაში დახმარება.

ახლად გამოქვეყნებული სურათი მარსის ჩრდილოეთ ნახევარსფეროს გაზაფხულზე, 2021 წლის 13 ივნისს გადაიღო ევროპის კოსმოსური სააგენტოს ხომალდმა ExoMars-მა, რომელიც წითელი პლანეტის ორბიტაზე მოძრაობს.

ამ შედარებით თბილ თვეებშიც კი მარსზე მაინც ძლიერ ცივა; ეს კრატერი მდებარეობს მარსის რეგიონში, რომელსაც აციდალიის ველს უწოდებენ და სავარაუდოდ, მასში თავს იყრის მთელი წლის მანძილზე გაყინული მასალა, რომელიც წყლის ყინულს შეიცავს.

ამაზე სწორედ რგოლები მეტყველებს. ცნობილია, რომ წყლის ყინული საკმაოდ უცნაური სუბსტანციაა და გაციებისას ფართოვდება. ვინაიდან მარსზე ტემპერატურა მერყევია, ფოტოზე ასახული კრატერის ფსკერზე წყლის ყინულით მდიდარი მასალა მუდამ უნდა ფართოვდებოდეს და იკუმშებოდეს.

სწორედ ამ გამუდმებულ გაფართოებას და შეკუმშვას უნდა წარმოექმნა კრატერის ფსკერზე კონცენტრირებული ბზარები, რომლებსაც რგოლების სახე აქვთ მიღებული და ხის გადანაჭრის ილუზიას ქმნიან.

ასეთი წარმონაქმნი პლანეტურ მეცნიერებს მარსის წყლის ისტორიის უკეთ შესწავლაში შეიძლება დაეხმაროს. კრატერის ადგილსამყოფელში, 51,9-გრადუსიან განედზე, ამჟამად ზედმეტად თბილა, რომ იქ წყლის ყინულის დეპოზიტები წარმოიქმნას.

თუმცა, ღერძული დახრილობის გამო მარსს აქვს სეზონებიც, ზუსტად ისე, როგორც დედამიწას; საქმეც სწორედ ამაშია. მარსის ღერძული დახრილობის კუთხე დრამატულად იცვლება დროის დიდ პერიოდებში — ასობით ათასი მილიონი წლის განმავლობაში.

ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ კრატერის ფსკერზე დეპოზიტები წარსულის რაღაც მომენტში მოხვდა, როცა მარსის ღერძული დახრილობა წყლის ყინულის დეპოზიტებს წარმოქმნის საშუალებას დღევანდელზე უფრო ჩრდილოეთ განედებზეც აძლევდა.

მარსის წყლის ისტორიის უკეთესად გარკვევა წითელი პლანეტის კვლევის ერთ-ერთი ძირითადი მიზანია. ამით ბევრს გავიგებთ არა მხოლოდ პლანეტის სიცოცხლისუნარიანობის შესახებ, არამედ მოგვცემს ისეთ მნიშვნელოვან ცნობებს, რომლებიც მარსზე სამომავლო ეკიპაჟიანი მისიების დაგეგმვაში დაგვეხმარება.

სურათის მაღალი რეზოლუციით ჩამოტვირთვა ESA-ს ვებგვერდიდან შეგიძლიათ.

მომზადებულია esa.int-ის მიხედვით.