კრაკოვში დაცული ქართული საეკლესიო ხელნაწერების საქართველოში გამოფენასთან დაკავშირებით სამუშაო შეხვედრები იმართება
კრაკოვის ხელნაწერთა ინსტიტუტში დაცული შუა საუკუნეების ქართული საეკლესიო ხელნაწერები სავარაუდოდ მომავალ წელს საქართველოში გამოიფინება. ინფორმაციას კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ მიმდინარე წლის დასაწყისში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორის, ნიკოლოზ ანთიძის პოლონეთში ვიზიტით ყოფნისას მიღწეული შეთანხმების საფუძველზე, ინსტიტუტის დირექტორი პროფესორი ანჟეი ბერტლეი სამუშაო შეხვედრებს უკვე საქართველოში მართავს.
პოლონელი მეცნიერი მოლაპარაკებებს დღეს საქართველოს ეროვნულ არქივში აწარმოებდა, სადაც კრაკოვში დაცული ქართული შუასაუკუნეების ხელნაწერების საქართველოში კონსერვაციისა და შემდგომში მათი ექსპონირების მიზნით, დროებით გადმოცემასთან დაკავშირებით მხარეებმა საორგანიზაციო საკითხები შეაჯერეს.
შეთანხმების მიხედვით, ქართული საეკლესიო ხელნაწერების რესტავრაციის პროცესში საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის სპეციალისტები მიიღებენ მონაწილეობას, რომლებსაც ისტორიული ხელნაწერების რესტავრაციის დიდი გამოცდილება აქვთ. რესტავრაციის პროცესის დასრულების შემდეგ, მხარეთა შეთანხმებით, ისტორიული დოკუმენტები საგამოფენო სივრცეში გადავა.
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ეროვნულ სააგენტოსა და კრაკოვის მუზეუმს შორის დაფუძნებული თანამშრომლობის ფარგლებში, დღეს მხარეებს შორის სამმხრივი თანამშრომლობის შეთანხმებასაც მოეწერა ხელი, რომელიც კრაკოვის ეროვნულ მუზეუმში ნ. ბერძენიშვილის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო მუზეუმის ექსპონატების გამოფენას ითვალისწინებს. მხარეთა თანამშრომლობის ფორმატში, პოლონეთში გამოფენის მოწყობა 2020-21 წლებშია დაგეგმილი.
4 დღიანი ვიზიტის ფარგლებში ანჯეი ბერტლეი საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოში საჯარო ლექციასაც გამართავს, რომლის მთავარი თემა მუზეუმოგრაფიის თანამედროვე მიდგომების საკითხებს მოიცავს.