ქუთაისსა და კრაკოვს შორის რეგულარული ავიამიმოსვლა განახლდა
ქუთაისსა და კრაკოვს შორის რეგულარული ავიამიმოსვლა განახლდა

დღეიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან, ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის ყველაზე სწრაფად მზარდი დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია Wizz Air-მა კრაკოვის მიმართულებით პირდაპირი რეგულარული რეისები აღადგინა.

ევროპის უძველესი ქალაქი კრაკოვი პოლონეთის რიგით მეხუთე მიმართულებაა, სადაც 28 სექტემბრიდან მოხვედრა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან გახდება შესაძლებელი. ამ ეტაპზე, ქუთაისიდან პირდაპირი საჰაერო გზით მოხვედრა მგზავრებს პოლონეთის ოთხ ქალაქში: ვარშავაში, გდანსკში, ვროცლავსა და კატოვიცეში შეუძლიათ.

„ნაყოფიერი გამოდგა საქართველოში ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის Wizz Air-ის ვიზიტი. ჩვენთან შეხვედრებისა და კონსულტაციების შედეგად სულ ცოტა ხანში კომპანიის მენეჯმენტმა გადაწყვეტილება მიიღო, რომ კრაკოვსა და ქუთაისს შორის პირდაპირი რეგულარული მიმოსვლა აღადგინოს. ამ ეტაპზე, Wizz Air დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტიდან პირდაპირ რეგულარულ რეისებს ცხრა ქვეყნის 14 მიმართულებით ასრულებს. რეგულარული ავიამიმოსვლის განახლებიდან, Wizz Air-მა ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან 80 ათასზე მეტი მგზავრი გადაიყვანა. გვაქვს მოლოდინი, რომ ზამთრის სანავიგაციო სეზონზე, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორი საქართველოდან ევროკავშირის ქვეყნების ყველაზე მოთხოვნადი მიმართულებებითაც აღადგენს ფრენებს“, – განაცხადა საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა თამარ არჩუაძემ.