კოვიდრეგულაციების მოხსნის შემდეგ, ბაქოდან ბათუმში დღეს პირველი ავიარეისი შესრულდა
კოვიდრეგულაციების მოხსნის შემდეგ, ბაქოდან ბათუმში დღეს პირველი ავიარეისი შესრულდა

კოვიდრეგულაციების მოხსნის შემდეგ, ბაქოდან ბათუმში დღეს პირველი ავიარეისი შესრულდა. ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში აზერბაიჯანიდან 100-მდე მგზავრი ჩამოვიდა.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, ავიაკომპანია „აზერბაიჯან ეარლაინსი“ ფრენებს ზაფხულის განმავლობაში ივნისის ბოლომდე კვირაში ორჯერ, ივლისიდან კი სამჯერ შეასრულებს.

აზერბაიჯანელ ტურისტებს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში დახვდნენ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ხელმძღვანელი და აზერბაიჯანის კონსული.

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ინფორმაციით, მიმდინარე წელს, ბათუმის აეროპორტში ფრენების რაოდენობის მზარდი დინამიკაა. არსებული მონაცემებით, ბათუმის მიმართულებით ფრენები ხუთმა ახალმა ავიაკომპანიამ დაიწყო: Airbaltic, Flydeal, Jordan Aviation, Aseman და Uzbekistan Airways. მათ შორის ავიაკომპანიებმა Airbaltic და Uzbekistan Airways ფრენები წელს პირველად რიგიდან და ტაშკენტიდან შეასრულა.

უწყების ცნობით, ივნისის განმავლობაში ბათუმის მიმართულებით დაგეგმილია 300-მდე ფრენა 12 ქვეყნიდან.