„კოვიდ-19“-თან დაკავშირებით ეთნიკური უმცირესობების ინფორმირების მორიგი კამპანია დაიწყო
ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ორგანიზებით, ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა მშობლიურ ენებზე კორონავირუსთან დაკავშირებით მნიშვნელოვან ინფორმაციაზე წვდომის ხელშეწყობის მიზნით, საინფორმაციო კამპანია დაიწყო.
შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, საინფორმაციო კამპანია რამდენიმე ეტაპად განხორციელდება.
„ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა შემდგომი ოპერატიული ინფორმირების მიზნით, სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინიციატივით, ეთნიკური უმცირესობებისთვის მშობლიურ ენებზე მომზადდა და გავრცელდება საინფორმაციო ბროშურები ქვეყანაში დაწესებული უახლესი რეგულაციებისა და კორონავირუსთან დაკავშირებული ხშირად დასმული შეკითხვების შესახებ.
100 000-მდე ბროშურა ქვემო-ქართლის, სამცხე-ჯავახეთისა და კახეთის ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლებით კომპაქტურად დასახლებულ, მუნიციპალური ცენტრებიდან დაშორებულ იმ სოფლებში გავრცელდება, სადაც ელექტრონული არხებით ინფორმაციის მიღებაზე წვდომა პრობლემურია.
საინფორმაციო მასალების გავრცელებას უზრუნველყოფენ ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლები კარდაკარ პრინციპით.
სახელმწიფო მინისტრის აპარატის ძალისხმევით, მოხალისე ახალგაზრდებისგან შექმნილი ჯგუფი კორონავირუსთან დაკავშირებული საკითხების შესახებ სპეციალურ მომზადებას გაივლის, რაც განხორციელდება საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ჩართულობით. სწავლების პერიოდში მონაწილეებს მიეწოდებათ ინფორმაცია ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: კორონავირუსის პრევენცია და მართვის წესები, დაწესებული შეზღუდვები და რეგულაციები, სახელმწიფო დახმარებები და შეღავათები, იზოლაციისა და კარანტინის წესები და სხვა აქტუალური საკითხები.
გადამზადების შემდგომ, თანატოლგანმანათლებელთა ჯგუფი მოხალისეობრივ საფუძველზე, დისტანციურ რეჟიმში შეხვედრებს ჩაატარებს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ ახალგაზრდებთან და მიაწვდის ინფორმაციას სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე.
სახელმწიფო მინისტრის აპარატმა, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციასთან თანამშრომლობით, უზრუნველყო რამდენიმე ახალგაზრდის სპეციალური მომზადება და დასაქმება სამთავრობო ცხელ ხაზზე – 144-1, რომლებიც განახორციელებენ მოქალაქეთა კონსულტირებას და შესაბამის მომსახურებას, მათ შორის სომხურ და აზერბაიჯანულ ენებზე, გადაადგილების შეზღუდვის პერიოდში მოქალაქეთათვის გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში, საშვის გაცემასთნ დაკავშირებით.
ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელთა ინფორმირების კამპანია ხორციელდება აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით, საქართველოს გაეროს ასოციაციის (UNAG) „ტოლერანტობის, სამოქალაქო ცნობიერებისა და ინტეგრაციის მხარდაჭერის პროგრამის“ (PITA) ფარგლებში“, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.