„კოვიდ-19“-ით ინფიცირებული ერთი ახალი პაციენტი თბილისის ინფექციურ კლინიკაში მკურნალობს, ის ბოლნისიდან არის
„კოვიდ-19“-ით ინფიცირებული ერთი ახალი პაციენტი ბოლნისიდან არის და ის თბილისის ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული, – ამის შესახებ კლინიკის სამედიცინო დირექტორმა, მარინა ეზუგბაიამ განაცხადა.
ეზუგაბიას თქმით, ამ დროისთვის პაციენტის მდგომარეობა მსუბუქი სიმძიმისაა.
„გუშინ ერთი ახალი პაციენტი ჩვენთან მოთავსდა ბოლნისიდან. არ განეკუთვნება რისკის ჯგუფს. მისი მდგომარეობა ამ ეტაპზე, ჯერჯერობით მსუბუქი სიმძიმით ფასდება. ვნახოთ, დინამიკაში პროგრესირება თუ არ ექნება დაავადებას, ერთ კვირაში დაიწყება გამოჯანმრთელების პროცესი“, – განაცხადა ეზუგბაიამ.
ამასთან, თბლისის ინფექციურ კლინიკაში ახალი კორონავირუსისგან კიდევ ერთი პაციენტი გამოჯანმრთელდა.
„გვყავს ერთი გამოჯანმრთელებული. ჯამში 34 დადასტურებული შემთხვევა გვიწევს ამ ეტაპზე კლინიკაში. კვლავ სამი პაციენტი გვყავს მძიმე პნევმონიით, რომელთა მდგომარეობა სტაბილურია და გამომდინარე აქედან, მომავალში პროგნოზი კეთილსაიმედო იქნება, დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა ძირითადად საშუალო სიმძიმით შემოიფარგლება, ნაწილი მსუბუქია და განაგრძობენ მეთვალყურეობას კლინიკაში“, – განუცხადა საქართველოს პირველ არხს ეზუგბაიამ.
საქართველოში ბოლო 24 საათში „კოვიდ-19“-ის ერთი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, 11 პაციენტი კი, გამოჯანმრთელდა.