კოვიდ-19“-ის გავრცელების გამო, ირლანდიაში მეხუთე დონის უსაფრთხოების შეზღუდვები ამოქმედდა
კოვიდ-19“-ის გავრცელების გამო, ირლანდიაში მეხუთე დონის უსაფრთხოების შეზღუდვები ამოქმედდა

ირლანდიაში მეხუთე დონის უსაფრთხოების შეზღუდვები ამოქმედდა. დამატებითი რეგულაციების შემოღება „კოვიდ-19“-ის შემთხვევების სწრაფ ზრდას უკავშირდება.

ინფორმაციას „ბიბისი“ ავრცელებს.

ირლანდიის პრემიერ-მინისტრის, მაიკლ მარტინის თქმით, ქვეყანაში მდგომრეობა უკიდურესად სერიოზულია. მისი განცხადებით, ჯანდაცვის სიტემა გადატვირთულია, ხანდაზმულ და დაუცველ ადამიანებში კი ინფიცირებისა და გარდაცვალების შემთხვევების ზრდის რისკი აშკარაა.

ირლანდიაში დამატებითი შეზღუდვები სულ მცირე ერთი თვით იმოქმედებს. ქვეყანის მასშტაბით დახურულია რესტორნები, ბარები, სილამაზის სალონები და სპორტული დაწესებულებები. ამასთან, ირლანდიაში სკოლები 6 იანვრის ნაცვლად, 11 იანვრამდე არ გაიხსნება. მოქალაქეებს სახლიდან ხუთ კილომეტრზე მეტ დისტანციაზე გადაადგილების უფლება არ აქვთ.

შეზღუდვები ეხება ქორწილებსა და დაკრძალვებზე დასწრებასაც. კერძოდ, ქორწილს მხოლოდ ექვსი, დაკრძალვას კი მხოლოდ ათი ადამიანი შეიძლება დაესწროს.

ირლანდიაში გასული კვირის განმავლობაში „კოვიდ-19“ 8 000-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათის განმავლობაში ვირუსის რეკორდულად მაღალი მაჩვენებლი – 1 718 შემთხვევა გამოვლინდა.

ირლანდიაში „ფაიზერისა“ და „ბიონტექის“ მიერ წარმოებული კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით იმუნიზაციის პროცესი უკვე დაწყებულია.