თბილისში, კოტე და სოსო წერეთლების სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია დასრულდა [ფოტო]
თბილისში, უზნაძის N2-ში აკადემიკოს კოტე წერეთლისა და მხატვარ სოსო წერეთლის მემორიალური სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია დასრულდა. ამჟამად, საგამოფენო სივრცეების მოწყობის პროცესი მიმდინარეობს. სამუზეუმო კონცეფცია ორ ნაწილად იყოფა. მემორიალური სახლ-მუზეუმის ერთი ნაწილი ცნობილი ქართველი ენათმეცნიერისა და არამეული დიალექტოლოგიის ფუძემდებლის, კოტე წერეთლის სამეცნიერო რეზიდენციას ეთმობა, რომელიც აღმოსავლეთმცოდნეობის მიმართულებით საქართველოში პირველი სამეცნიერო რეზიდენცია იქნება. მეორე ნაწილი სოსო წერეთლის – ერთ-ერთი „თვითმფრინავის ბიჭის“ ნახატების გალერეას დაეთმობა. ექსპოზიციაზე მისი რამდენიმე ათეული ნამუშევარი იქნება წარმოდგენილი. მათ შორის, ავტოპორტრეტები და მსახიობ გეგა კობახიძის პორტრეტი. სახლში პირვანდელი სახითაა შენახული ახალგაზრდა მხატვრის ხელით მოხატული კედელი, რომელიც მუზეუმის ამ ნაწილის მთავარი ექსპონატია.
თბილისის მუზეუმების გაერთიანების დირექტორის, ნინი სანადირაძის ინფორმაციით, მუზეუმი მხოლოდ მემორიალურ ნივთებს არ გააერთიანებს. მისი თქმით, არსებობს უნიკალური დოკუმენტური მასალები, როგორც კოტე, ისევე სოსო წერეთლის არქივში და ისინი ახლა დამუშავების პროცესშია. კონცეფციის მიხედვით, სწორედ ეს მასალები იქნება გამოყენებული იმისთვის, რომ მათი საქმიანობა ეპოქის კონტექსტში იყოს გააზრებული. ასევე, სოსო წერეთლის შემოქმედება, როგორც გამორჩეული შემოქმედების მქონე მხატვრის.
სოსო წერეთელი იმ შვიდ ახალგაზრდას შორის იყო, ვინც 1983 წლის 18 ნოემბერს საბჭოთა საქართველოდან თვითმფრინავით თურქეთში გაქცევას შეეცადა.