კოტე მახარაძეს დღეს 95 წელი შეუსრულდებოდა - ეროსი მანჯგალაძის ჟღერადობის თბილი ხმა არც მანამდე და არც შემდეგ აღარ გამიგონია [ვიდეო] #1TVSPORT

ლეგენდა კოტე მახარაძე რომლის სახელი და გვარი უამრავი ისტორიის მატარებელია. ეს ის ისტორიებია რომლებმაც დროს შექმნისთანავე გაუსწრეს და პეწს არასდროს დაკარგავს. ერთ-ერთი ასეთი ისტორია საქართველოს რადიოს ოქროს ფონდში დაცულმა ჩანაწერმა შემოგვინახა.

პირველი შეწყვილებული რადიორეპორტაჟი საქართველოს რადიოს პირდაპირ ეთერში 1964 წლის 18 ნოემბერს შედგა. იმ დღეს თბილისის „დინამო“ ტაშკენტში საბჭოთა კავშირის ჩემპიონის ტიტულისთვის თამაშობდა. „ფახთაქორის“ სტადიონზე პირველობის დამატებით 33-ე შეხვედრაში თბილისის „დინამომ“ მოსკოვის „ტორპედო” ანგარიშით 4:1 დაამარცხა და ისტორიაში პირველად საბჭოთა კავშირის ჩემპიონის ტიტულის მფლობელი გახდა. ტრადიციის თანახმად მატჩის კომენტატორი ეროსი მანჯგალაძე უნდა ყოფილიყო… მაგრამ საბოლოოდ შეწყვილებული რადიორეპორტაჟი შედგა, რომლის ისტორიაც შემდგომში უკვე კოტე მახარაძის ნაამბობმა უკვდავად აქცია.

– მაშინ ხუმრობდნენ – სოციალისტურ ქვეყანაში საქართველომ პირველი ნამდვილი ზეიმი 1964 წლის 18 ნოემბერს გადაიხადა როდესაც ხალხი გამოვიდა ქუჩაში და ეს იყო ეროსისთან ერთად. მე თბილისში თეატრში ვიყავი, ვითამაშე კიკვიძე… სპექტაკლის დასრულების შემდეგ მთავრობის ლოჟაში დამიძახეს, მომილოცეს წარმატება და უცებ მთავრობის ხელმძღვანელმა მჟავანაძემ მკითხა – რა გინდა ბიჭო შენ აქ? – მე ვუთხარი – იქ ეროსია-მეთქი. გასაგებია, მაგრამ დაჰკარი ფეხი და ახლავე წადიო…

– ეს მატჩი იყო საბჭოთა კავშირის 1964 წლის ჩემპიონატის მშვენება, მაშინ მე და ეროსი არაფერზე შევთანხმებულვართ, ყველაფერი იმდენად სინქრონულად მოხდა, რომ აშკარად იგრძნობოდა ერთ მუხტად შეკრული ჩვენი სულიერი განწყობა.

– მას ყოველთვის ვუყურებდი, როგორც მენტორს, როგორც მეტრს, ადამიანს რომლისგანაც მხოლოდ ვსწავლობდი. ეროსის ინიციატივა იყო, რომ მე სპორტული კომენტატორი გავხდი, რადგან მას მხოლოდ საფეხბურთო რეპორტაჟები მიჰყავდა, არა იმიტომ, რომ სპორტის სხვა სახეობის წესები არ იცოდა, უბრალოდ თვლიდა, რომ ერთგული უნდა იყო ერთი რომელიმე სახეობის და სიცოცხლის ბოლომდე ამ პრინციპისთვის არასდროს უღალატია.

– ეროსისთვის რეპორტაჟი ეს იყო სპორტული შოუ, ის არასდროს ითვლიდა მიხეილ მესხი მეტოქეს რამდენჯერ ატყუებდა, იტყოდა ოთხჯერ მოატყუაო მაგრამ ქმნიდა იმ საოცარ აზარტს და იმ საოცრებას, რასაც ეროსისეული რეპორტაჟი ერქვა.

– ეროსი იყო ერთი და ერთადერთი… აღარ გავიმეორებ მის ცნობილ ფრაზებს… ერთი გოლი, რომ შეინახა და ფრედ დამთავრებული მატჩი თურმე მოგებული ყოფილა… აღარაფერს ვიტყვი მის ლეგენდარულ ფრაზაზე – მკვდრებმა აღმართეს ცოცხალი კედელი… არც იმაზე, ღრმად პატივცემული იშტოიანი არ გამოვიდა ბურთზე, არ იკადრაო და კიდევ უამრავი… ეს იყო ფრაზები მხოლოდ მისთვის დამახასიათებელი საოცრად თბილი ხმის ტემბრით.

– ასეთი ჟღერადობის თბილი ხმა არც მანამდე და არც შემდეგ, არც თეატრში და არც კომენტატორობისას აღარ გამიგონია. ერთადერთი, რასაც მას ვერასდროს ვაპატიებ არის ის, რომ უშვილუძიროდ გადაეგო, რადგან ეროსის შვილობა მართლა უდიდესი მადლი იქნებოდა.

– ბრძენი კაცი იყო, ჯერ მარტო ის რად ღირს, რომ 50 წლის ასაკში კომენტატორობას თავი დაანება და თქვა – დავამთავრე სპორტული რეპორტაჟიო. ისე მომეწონა მაშინ მისი ეს გადაწყვეტილება ვიფიქრე მეც იგივეს გავაკეთებ-თქო, მაგრამ ვერ შევძელი და კომენტატორობას ვერც 70 წლის ასაკში შეველიე.

კოტე მახარაძე იყო თბილისის „დინამოს“ კალათბურთელი, თამაშობდა საქართველოს კალათბურთელთა ახალგაზრდული ნაკრების შემადგენლობაში, 1945 წელს თანაგუნდელებთან ერთად მოიგო საბჭოთა კავშირის თასი. სპორტულ კომენტატორად მოღვაწეობა 1957 წელს დაიწყო და ჯერ საქართველოს, შემდეგ კი საკავშირო რადიოსა და ტელევიზიაში ოთხ ათეულ წელზე მეტი ხნის მანძილზე რეპორტაჟები ქართულ და რუსულ ენაზე მიჰყავდა.

მის კარიერაში იყო უამრავი რადიო თუ ტელერეპორტაჟი, მაგრამ მათგან ორი მართლაც, რომ უკვდავია. პირველი 1964 წლის 18 ნოემბრის წარმატება, მეორე – 1981 წლის 13 მაისი და კოტე მახარაძეს ლეგენდარული ფრაზაა – Ликует столица Грузии… და ეს ფრაზა მაშინ მხოლოდ საფეხბურთო ტრიუმფის მანიშნებელი არ იყო.

ლეგენდა კოტე მახარაძეს დღეს, 17 ნოემბერს 95 წელი შეუსრულდებოდა.

დატოვე კომენტარი